ეკა ბესელია: სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა ის ბრალდებები, რომელიც გოგა ონიანის მიმართ ისმოდა

სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა ის ბრალდებები, რომელიც გოგა ონიანის მიმართ ისმოდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განუცხადა.
ეკა ბესელიას განცხადებით, გოგა ონიანის განაჩენთან დაკავშირებით პოლიტიკურ მოტივზე საუბარი არადამაჯერებელია.
“სასამართლომ ჩათვალა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები იყო საკმარისი და გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი, რაც ნიშნავს, რომ დადასტურდა ბრალდებები, რაც ადამიანის მიმართ ისმოდა, როდესაც იყო სამართალდამცველ სისტემაში. პოლიტიკური მოტივით მონათვლა გოგა ონიანის საქმის, არ მგონია, რომ ვინმესთვის იყოს დამაჯერებელი, გარდა იმ პოლიტიკური ძალისა, რომელიც დღესაც გულშემატკივრობს იმ ძალადობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენ, პოლიტიკოსები ამ გადაწყვეტილების რევიზიას არ ვახდენთ”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ადვოკატი გიორგი ონიანი სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას 5 -წლამდე პატიმრობა მიესაჯა.
სამართალდამცველებმა გიორგი ონიანი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.
როგორც ბრალდებული აცხადებდა, ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს და საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
გიორგი ონიანს პროკურატურა რამდენიმე დანაშაულს ედავება – მათ შორისაა, უკანონო დაკავება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები