ერთი გარდაცვლილი და რვა დაშავებული – სისხლიანი თავდასხმა პოლონეთის ქალაქის სუპერმარკეტში (ვიდეო, ფოტო)

0

ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა პოლონეთის ქალაქ სტალიოვა-ვოლიაში მომხდარი შემთხვევის შედეგად. „ასოშიედ პრესის“ ინფორმაციით, დანით შეიარაღებული მამაკაცი სუპერმარკეტის მომხმარებლებს  დაესხა თავს.
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელი 27 წლის მამაკაცია. კონდრატ კ-ს ვინაობა სამართალდამცველებმა მალევე დაადგინეს, თუმცა  დანაშაულის მოტივი მათთვის ამ დრომდე უცნობია.
თვითმხილველების განცხადებით, თავდასხმის დროს სუპერმარკეტში პანიკა დაიწყო. ხალხის ნაწილმა შენობიდან გაღწევა მოახერხა, ნაწილმა კი შეიარაღებულ პირს წინააღმდეგობა გაუწია. მათ მოახერხეს ბოროტმოქმედის განიარაღება და პოლიციის მოსვლამდე მისი გაკავება.
თავდასხმის შედეგად დაჭრილები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, 50 წლის ქალბატონი კი,რომელმაც ასევე მიიღო დაზიანებები, კლინიკაში გარდაიცვალა.
„ბი ბი სი“-ს ცნობით, შეიარაღებული თავდასხმა დღის სამ საათზე მოხდა.
„მამაკაცი ზურგიდან დაესხა თავს სუპერმარკეტის მომხმარებლებს და უკონტროლოდ ურტყამდა ხალხს დანას, პოლიციამ დაადგინა, რომ ბოროტმოქმედი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა“, – წერს უცხოური მედია.

კომენტარები

კომენტარი