მამაკაცი კიევში მიმდინარე მიტინგზე შაშხანის და პისტოლეტის შეტანას ცდილობდა
კიევში, პოლიციის თანამშრომლებმა მამაკაცი დააკავეს, რომელიც უმაღლეს რადასთან მიმდინარე მიტინგზე პისტოლეტით და შაშხანით შეიარაღებული მიდიოდა.
უკრაინელმა სამართალდამცველებმა გაავრცელეს განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ დამნაშავისგან ამოღებულია შაშხანა ოპტიკური სამიზნით, პისტოლეტი და დანა. მათივე ინფორმაციით, მამაკაცი კიევის პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს, სადაც მისი ვინაობის დადგენა მიმდინარეობს. როგორც აღმოჩნდა, მამაკაცმა უარი თქვა ვინაობის დასახელებაზე და ასევე უარი თქვა იმის ახსნაზე, რატომ მიდიოდა აქციაზე ასეთი შეიარაღებით.