შოთა ხაბარელმა სოფელ ნორიოში ძიუდოს დარბაზის გახსნაში მიიღო მონაწილეობა

0

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ძიუდოში შოთა ხაბარელმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოში, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონის, ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის ძიუდოს დარბაზის გახსნაში მონაწილეობა მიიღო.

ნორიოს ძიუდოს დარბაზის მშენებლობა 2016 წლის სექტემბერში დაიწყო. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ ჯამში 470 000 ლარი შეადგინა.

პროექტის ფარგლებში, სპორტულ დარბაზში გათბობის სისტემა, წყალგაყვანილობა და ვენტილაცია  მოეწყო. კომპლექსში შედის სამასწავლებლო, იზოლირებული გასახდელები და საშხაპეები, ასევე იფუნქციონირებს ტრენაჟორების ოთახი.

ძიუდოს სპორტული დარბაზი 300-მდე ახალგაზრდას მოემსახურება. დარბაზი, რომლის ფართობი 370 კვ. მეტრია, 200-ზე მეტ მაყურებელს იტევს.

თავად ავთანდილ ჭრიკიშვილთან ერთად თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ძიუდოს დარბაზის გახსნაში მონაწილეობა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ჯამარაულმა, საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მიიღეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები ძიუდოში – ზურაბ ზვიადაური, ლაშა შავდათუაშვილი, ირაკლი ცირეკიძე, ამირან ტოტიკაშვილი, საქართველოს ნაკრების წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები.

ოქტომბერში გარდაბნის მუნიციპალიტეტში სართიჭალის შემდეგ ეს უკვე მეორე სპორტული დარბაზი გაიხსნა.

კომენტარები

კომენტარი