ზურაბ ალავიძემ ქარელის მუნიციპალიტეტში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი სოფლებში შიდა გზებზე მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგს აგრძელებს და არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა. ზურაბ ალავიძემ ამჯერად ქარელში, საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
ბრეძა – ჭვრინისის 3 კილომეტრიან გზის მონაკვეთზე ასფალტის საფარი იგება და საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება. პროექტის ღირებულება 800 000 ლარს შეადგენს.
აღნიშნული გზით საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ორი სოფლის მაცხოვრებლები სარგებლობენ. გზის სავალ ნაწილზე შექმნილი დაზიანებები და მოშლილი ინფრასტრუქტურა მოსახლეობას სასიცოცხლო ობიექტებამდე გადაადგილების პრობლემას უქმნიდა.
ქარელის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ახალი გზით წლის ბოლოდან ისარგებლებს.