ზესტაფონში ტორტით აღსაზრდელების მოწამვლის გამო, შესაძლოა, საკონდიტრო საწარმო დახურონ
ზესტაფონში, სოფელ ილემის საბავშვო ბაღში მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით გულისხმობს – ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს.
გამოძიებამ საბავშვო ბაღის გამგე, პედაგოგები და მშობლები უკვე დაკითხა.
როგორც „კვირას” ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანების მმართველმა ზოია ლელაძემ განუცხადა, საბავშვო ბაღის 11-მა აღსაზრდელმა, რომლებიც საავადმყოფოში იყვნენ მოთავსებული, სამედიცინო დაწესებულება წუხელ გვიან ღამით დატოვეს.
მისივე თქმით, ექიმის დანიშნულების მიხედვით ბავშვები დღეს ბაღში არ გამოცხადდნენ, რადგან ისინი რამდენიმე დღე დიეტაზე იმყოფებიან.
ლელა ზოიძე დარწმუნებულია, რომ აღსაზრდელები ტორტით მოიწამლნენ, რომელიც ერთ-ერთმა მშობელმა გუშინ ნაშუადღევს საბავშვო ბაღში მიიტანა.
„გუშინ ნაშუადღევს ერთ-ერთი ბავშვის დაბადების დღე იყო და მშობელმა ტორტი მოიტანა, რომელიც ბავშვებმა მიირთვეს. გარდა ამისა, ტორტის ერთი ნაჭერი იუბილარის ბებიამაც მიირთვა, რომელიც საბავშვო ბაღის გვერდით მაღაზიაში მუშაობს. ვინც კი ეს ნამცხვარი მიირთვა ყველა მოიწამლა, მათ შორის იუბილარის ბებიაც, რომელიც ძალიან ცუდად გახდა. უნდა ავღნიშნო, რომ ამ დროს ბაღის გამგე შენობაში არ იმყოფებოდა. მიუხედავად ბაღის გამის გაფრთხილებისა, მშობლებს ხშირად, სურვილი აქვთ, რომ საკუთარი შვილის იუბილე ბავშვებთან აღნიშნონ. რაც არ შეიძლება. გუშინვე, სურსათის უვნებლობის სამსახური ჩაერთო, პარალელურად მუნიციპალიტეტის დონეზე შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაიწყებს საქმის წარმოებას. თუ გამოძიებამ დაადგინა, რომ საკვები შინაგანაწესის დარღვევით მოხვდა ბაღში, გამგე და აღმზრდელი საყვედურს მიიღებენ“ – განუცხადა „კვირას“ ზაირა ზოიძემ.
აღსანიშნავია, რ
ომ ზაირა ზოიძემ თავდაპირველად დამალა ის ფაქტი, რომ ბავშვის იუბილეს საბავშვო ბაღის გამგეც დაესწრო.
თუმცა მოგვიანებით „გაიხსენა“ რომ პატარას იუბილეზე ბაღის გამგეც მივიდა და ტორტის ნაჭერი თავადაც მიირთვა.
შედეგად, ბაღის 11 აღსაზრდელი, 2 მასწავლებელი, დირექტორი და იუბილარის ბებია მოიწამლნენ.
„კვირა“ სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქაძეს დაუკავშირდა.
როგორც „კვირას“ გიორგი მიქაძემ განუცხადა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან შემოსული შეტყობინების საფუძველზე სურსათის უვნებლობის სამსახური მოკვლევის პროცესში ჩაერთო.
მისი თქმით, მშობელმა შვილის დაბადების დღის აღსანიშნავად ტორტი ინდმეწარმეს ლედი ჩუბინიძის – „ლედის ტორტები ზესტაფონში“ საკონდიტრო საწარმოში შეუკვეთა და ბაღში მიიტანა.
„ჩვენ სინჯები ავიღეთ ინდმეწამის ლედი ჩუბინიძის საკონდიტრო საწარმოს რამდენიმე ნაწარმზე და ამასთან, სინჯები ავიღეთ საწარმოში განთავსებულ წყლის რეზერვუარიდანაც, რომელსაც ჩაუტარდება გამოკვლევა. ეს იყო არაგეგმიური ინსპექტირება. დაველოდებით კვლევის შედეგებს და შესაძლებელია ინდმეწარმეს ლედი ჩუბინიძეს საქმიანობაც შეუწყვიტოთ“ – აღნიშნა გიორგი მიქაძემ.
„კვირა“ ამ თემაზე მუშაობას გააგრძელებს და ამ საკითხთან დაკავშირებით მკითხველს დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით შევთავაზებთ.