“C ჰეპატიტისგან არავინაა დაზღვეული, თითოეულ მოქალაქეს ვურჩევთ პერიოდულად ჩაიტაროს გამოკვლევა”
საქართველო C ჰეპატიტის მაღალი გავრცელების მქონე ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება. 2015 წელს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ მოსახლეობის 7%
-ზე მეტია ინფიცირებული. რა არის C ჰეპატიტი, როგორ გადაეცემა ვირუსი, რა გართულებები შეიძლება ჰქონდეს მას და როგორ ხდება C ჰეპატიტის მკურნალობა უფრო ვრცლად ექიმ-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი გვესაუბრება. მისივე ინფორმაციით, 2015 წლის აპრილიდან პირველად მსოფლიოში საქართველომ დაიწყო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელება, რომლის მიზანი დაავადების გავრცელების მკვეთრად შემცირებაა, შემდეგი ღონისძიებების განხორციელების გზით:

რა არის ჰეპატიტი?
ჰეპატიტი ნიშნავს ღვიძლის ანთებას. მისი გამოწვევა შეუძლია სხვადასხვა ვირუსს, ბაქტერიას, ზოგიერთ მედიკამენტს, ტოქსინს, ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას და სხვ. თუმცა ჰეპატიტის ერთ-ერთ ყველაზე ხშირ მიზეზს A, B და C ჰეპატიტის ვირუსები წარმოადგენს.
როგორ გადაეცემა C ჰეპატიტის ვირუსი?
C ჰეპატიტის ვირუსი ადამიანის ორგანიზმში ხვდება ამ ვირუსით ინფიცირებული სისხლის და ორგანიზმის სხვა ბიოლოგიური სითხეების მეშვეობით. ეს შეიძლება მოხდეს:
• დაბინძურებული ნემსის ან შპრიცის ან სხვა სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენებით;
• ინფიცირებული დედიდან ბავშვზე;
• სქესობრივი გზით.
დედიდან ბავშვზე C ჰეპატიტის ვირუსის გადაცემის რისკი დაბალია და არ აღემატება 5%-ს. ასევე დაბალია სქესობრივი გზით გადაცემის რისკიც (საშუალოდ 2%). გარდა ამისა, C ჰეპატიტის ვირუსის გადაცემა შეიძლება მოხდეს საერთო საპარსის, ფრჩხილის მაკრატლის ან კბილის ჯაგრისის გამოყენებითაც.
რა სიმპტომები აქვს C ჰეპატიტს?
C ჰეპატიტის შემთხვევათა უდიდესი ნაწილი სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ინფიცირებული ადამიანისთვის შეუმჩნეველი რჩება. ზოგჯერ C ჰეპატიტს ახასიათებს საერთო სისუსტე, სიმძიმის შეგრძნება მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში, სახსრების ტკივილი, გამონაყარი კანზე და სხვა.
როგორ ტარდება C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა?
ვირუსის გამოვლენის ერთადერთი გზაა ლაბორატორიული დიაგნოსტიკა. C ჰეპატიტის გამოსავლენად თავდაპირველად ტარდება ე.წ. სკრინინგული ტესტი, რომელიც ბევრ სამედიცინო დაწესებულებაში ხელმისაწვდომია უფასოდ. სკრინინგით დადებით ადამიანს შემდგომში უტარდება C ჰეპატიტის რაოდენობრივი ანალიზი, რომლითაც უკვე დგინდება, ამჟამად ინფიცირებულია პაციენტი თუ დაავადება თვითგანკურნებით არის დასრულებული. ვირუსის ორგანიზმში შეჭრის შემდეგ თვითგანკურნება დაახლოებით 20-25%-ში შეიძლება მოხდეს და ეს ადამიანები არ საჭიროებენ მკურნალობას. თუმცა პირველადი ტესტი მათ მთელი ცხოვრება დადებითი ექნებათ.
რა გართულებები შეიძლება ჰქონდეს C ჰეპატიტს მკურნალობის გარეშე?
ქრონიკული C ჰეპატიტის დროს შეიძლება მოხდეს ღვიძლის სერიოზული დაზიანება და გართულდეს ღვიძლის ციროზით და კიბოთი.
როგორ ხდება C ჰეპატიტის მკურნალობა?
სადღეისოდ საქართველოში მოქმედებს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც პაციენტს უტარდება შესაბამისი გამოკვლევები დაავადების ფორმის დასადგენად და მკურნალობის შესარჩევად. ამის შემდეგ პაციენტს უტარდება მკურნალობა ამერიკული ფარმაცევტული კომპანია ,,გილეადის“ მიერ წარმოებული თანამედროვე, მაღალეფექტური ანტივირუსული მედიკამენტებით, რომლებიც პაციენტებისთვის სრულიად უფასოა. განკურნების მაჩვენებელი აღემატება 95%-ს. 2015 წლის აპრილიდან დღემდე პროგრამაში უკვე ჩაერთო 45 000 -ზე მეტი ადამიანი
რას ურჩევდით მოსახლეობას?
თითოეულ მოქალაქეს ვურჩევთ პერიოდულად ჩაიტაროს გამოკვლევა C ჰეპატიტზე, რადგან ამ ინფექციისგან არავინ არის დაზღვეული; ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში კი გამოიყენოს ეს უნიკალური შანსი, რასაც C ჰეპატიტის პროგრამა იძლევა.