აგიტ მირზოევი: ყიზილაჯლოში მომხდარი ფაქტი, ძალიან მძიმე დანაშაულია

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი ფაქტი, ძალიან მძიმე დანაშაულია, – ამის შესახებ „ეთნოსთაშორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრის“ ხელმძღვანელმა აგიტ მირზოევმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია წუხელ მომხდარი ფაქტის დროული და ეფექტური გამოძიება.
„მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი ფაქტი, ძალიან მძიმე დანაშაულია ,ჩვენ ვგმობთ ამ დანაშაულს და შესაბამის ორგანოებს სწრაფი და ეფექტური გამოძიებისკენ მოვუწოდებთ. მოგეხსენებათ, რომ ამავე სოფელში 2016 წლის არჩევნების წინა პერიოდში არაერთ ინციდენტს ჰქონდა ადგილი – ეს ფაქტები, ერთგვარ კრიმინოგენულ ვითარებას ქმნის სოფელში. ეს ყველაფერი ზოგადად უარყოფითად აისახება საარჩევნო გარემოზე, ჩვენ იმიჯზე, ასევე უარყოფით გავლენას მოახდენს, ადგილობრივი ამომრჩევლის თავისუფალ და გააზრებულ არჩევანის გაკეთებაზე. ეს არის ყოვლად დაუშვებელი,მითუმეტეს, როცა არჩევნებამდე ერთი დღეა დარჩენილი. არ აქვს მნიშვნელობა რომელი სუბიექტის მიმართ იყო ჩადენილი ეს დანაშაული, აუცილებლად გამოძიებული უნდა იქნას მომხდარი“, -განაცხადა აგიტ მირზოევმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს, სოფელ ყიზილაჯლოში ”ქართული ოცნების“ ოფისთან თავდასხმა მოხდა, რა დროსაც რამდენიმე პირი დაიჭრა. დაჭრილებს შორის “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვი და საკრებულოს მოქმედი დეპუტატი არიან.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები