მიხეილ ჯანელიძე: საქართველო და სხვა ასოცირებული ქვეყნები, ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული აგრესიის წინა ხაზზე დგანან

“საქართველო და სხვა ასოცირებული პარტნიორი ქვეყნები, ევროკავშირისა და მისი მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული  მძიმე აგრესიის  წინა ხაზზე დგანან. აღმოსავლეთ პარტნიორობა, როგორც ევროპული  სამეზობლო პოლიტიკის სტრატეგიული განზომილება, რეგიონში სტაბილურობის, პოლიტიკური ტრანსფორმაციისა და ეკონომიკური განვითარების მთავარი გარანტია”,- განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ევროპარლამენტში, საგარო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას “აღმოსავლეთ პარტნიორობის” დაგეგმილ სამიტზე საუბრისას.

ჯანელიძემ  იმ შედეგებზე ისაუბრა, რომელსაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა ბოლო წლებში მიაღწიეს. მათ შორის ყურადღება გაამახვილა უვიზო მიმოსვლის რეჟიმზე საქართველოს მოქალაქეებისათვის, რასაც წინ უძღოდა მნიშვნელობანი ძალისხმევა, გატარებული რეფორმები და სამუშაოები.  მინისტრმა ქართველი ხალხის სახელით ევროპარლამენტარებს ვიზალიბერალიზაციის პროცესში გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა  და აღნიშნა, რომ უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ  შესაძლო უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად, საქართველომ  აამუშავა ყველა საჭირო მექანიზმი და  ჯერ კიდევ მიმდინარეობს ყოვლისმომცველი  საინფორმაციო კამპანია, სადაც მოქალაქეების  უფლებები და ვალდებულებები ზედმიწევნითაა ახსნილი.

როგორც სიტყვით გამოსვლისას საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე მიღებული გამოცდილება და მიღწეული შედეგები საქართველოს სამომავლო ნაბიჯების განსაზღვრაში დაეხმარება. მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა უნდა აჩვენოს ნათელი პოლიტიკური ხედვა და  მომავალი  მიზნები, “აღნიშნული ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან ნდობა მხოლოდ პრაქტიკულ შედეგებს არ  ეფუძნება”,- დასძინა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები