„ვერ გავექცევით რეალობას, ზოგიერთ ციხეში სისტემური დანაშაულის ნიშნები ნამდვილად იყო"

   „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ყველაზე მწვავე და მტკივნეული საკითხი პენიტენციალურ სისტემაში განვითარებული მოვლენები იყო – ამის შესახებ უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა გიგა ბოკერიამ გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. “რეფორმის შედეგად ახალი შესაძლებლობები მიეცა ადმინისტრაციას. მათ უნდა ემართათ სისტემა ისე, რომ ძალადობა საჭირო არ ყოფილიყო. სამწუხაროდ, ეს მექანიზმი გამოუყენებლი დარჩა და ძალადობრივ, ხშირად უკანონო მეთოდებს დაემყარა ამ სისტემის მუშაობა”,-განაცხადა ბოკერიამ. მისივე თქმით, ციხის კადრებზე ახალმა ხელისუფლებამ სრულფასოვანი გამოძიება არ ჩაატარა. “მეტიც, გაათავისუფლა ის ადამიანები, რომლებიც საკვანძო ფიგურები იყვნენ პატიმრების წამებაში, მაგრამ ვერ გავექცევით რეალობას, რომ ზოგიერთ ციხეში სისტემური დანაშაულის ნიშნები ნამდვილად იყო”, – განაცხადა ბოკერიამ. ბოკერიას თქმით, “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, “ნაციონალურმა მოძრაობამ” მიაღწია იმას, რომ პოლიციის განყოფილებებში სისტემური დანაშაული აღმოიფხვრა. “ბოლო, შემზარავმა ფაქტებმა, რომლებიც სამეგრელოში მოხდა, დააკნინა ჩვენი რეფორმა. მართალია, ფაქტი განყოფილებების გარეთ მოხდა, მაგრამ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები სჩადიოდნენ ამ დანაშაულს. ეს ადასტურებს იმას, რომ უწყებაში არსებობდნენ ელიტარული სპეცჯგუფები, რომლებიც არასაკმარისად კონტროლდებოდა”, – დასძინა ბოკერიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები