დავით ზალკალიანი: იტალიის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას არანაირი საფრთხე არ ელის

„იტალიის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას არანაირი საფრთხე არ ელის“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა.

ზალკალიანის შეფასებით, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, დიმიტრი მედოევის იტალიაში „სამუშაო ვიზიტი“, არის მხოლოდ კერძო პირის ინიციატივა.

„მსგავსი სახის ინიციატივები ჩვენ ადრეც გვქონია. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს აქვს იტალიის ოფიციალური მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და საქართველოს არანაირი საფრთხე არ ელის იტალიის მხრიდან. მსგავსი ტიპის ნაბიჯებს ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლები ხშირად მიმართავენ, ეს არის უფრო სასურველის რეალურად წარმოჩენის მცდელობა. ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან საერთაშორისო თანამეგობრობა მუდმივად ინფორმირებულია და არაღიარების პოლიტიკა შეუქცევადია“, – განაცხადა ზალკალიანმა.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ იქმნება ყველაზე ხშირად მსგავსი პრობლემა იტალიაში და ფიქრობს თუ არა, რომ იქ ქართული დიპლომატია არასათანადო ნაბიჯებს დგამს, ზალკალიანის თქმით, საქართველოს მხრიდან რეაგირება მყისიერია.

„მათ ჰყავთ კერძო პირები, რომლებიც ახორციელებენ მსგავსი სახის მიპატიჟებებს სხვადასხვა კერძო ორგანიზაციების მხრიდან და ყველა ასეთ შემთხვევაზე ჩვენ გვაქვს მყისიერი რეაგირება. იტალიის ოფიციალური ხელისუფლების მხრიდან გვაქვს მუდმივად გარანტია, რომ არანაირი ოფიციალური გამოხმაურება მათი მხრიდან არ იქნება და არც მომავალში არანაირი პერსპექტივა არ არის იმისა, რომ იტალიამ რაიმე სახის ოფიციალური კონტაქტები დაამყაროს ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლებთან“, – დასძინა ზალკალიანმა.

ცნობისათვის, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი იტალიაში ე.წ. სამუშაო ვიზიტით პროვინცია პეზარო-ე-ურბინოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის ალბერტო დრუდის მიწვევით ჩავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები