ჰაირი ჰაირიოღლუს (ვახტანგ მალაყმაძის) არქივისა და ბიბლიოთეკის წარდგინება გაიმართება

19 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში თურქეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერის, მთარგმნელის, პუბლიცისტისა და პოეტის – ჰაირი ჰაირიოღლუს (ვახტანგ მალაყმაძის) არქივისა და ბიბლიოთეკის წარდგინება გაიმართება. როგორც „კვირას“ ეროვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს, მასალები ბიბლიოთეკას უკვე გადაეცა. ამავე დღეს ეროვნული ბიბლიოთეკის ორიენტალისტიკის დარბაზს ჰაირი ჰაირიოღლუს სახელი მიენიჭება.
ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იქნება პროექტის – „საქართველოსთვის დღემდე უცნობი დოკუმენტური მასალა და ისტორიები თურქეთელ ქართველთა ცხოვრებიდან“ – შედეგები.
სამეცნიერო პროექტის „საქართველოსთვის დღემდე უცნობი დოკუმენტური მასალა და ისტორიები თურქეთელ ქართველთა ცხოვრებიდან“ ფარგლებში, 2-9 ივლისს, თურქეთის რესპუბლიკაში შედგა სამეცნიერო ექსპედიცია, რომლის მიზანი იყო იქ მოღვაწე ცნობილი ქართველების – ახმეთ ოზკან-მელაშვილისა და ჰაირი ჰაირიოღლუს (ვახტანგ მალაყმაძე) არქივების დიგიტალიზაცია.
შედგა შეხვედრები ახმეთ მელაშვილისა და ჰაირი ჰაირიოღლუს ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, თანამოაზრეებთან. მათთან ჩაიწერა ინტერვიუები. არქივებზე მუშაობისას გამოვლინდა არაერთი საინტერესო დოკუმენტი თურქეთელ ქართველთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, ასევე გამოვლინდა ევროპის ქართულ ემიგრაციასთან კულტურული თანამშრომლობის ამსახველი აქამდე უცნობი ინფორმაცია.
პროექტის ფარგლებში გაციფრდა თურქეთში გამომავალ ჟურნალ „ჩვენებურების“ ყველა ნომერი. აღდგა ამ ჟურნალის დაარსების, გამოცემისა და სარედაქციო მუშაობის ისტორია.
ღონისძიებას დაესწრებიან: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, მეცნიერები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები