„საქართველოს სინფონიეტა“ და ელბლონგის კამერული ორკესტრი –  პოლონელი სტუმრები თბილისს ეწვევიან

2016 წლის ნოემბერში, თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა „საქართველოს სინფონიეტამ“ ელბლონგის კამერულ ორკესტრთან ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა.
როგორც „კვირას“ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიიდან აცნობეს, პროექტი ხორციელდება პოლონეთის რესპუბლიკის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტროს მხარდაჭერით, რომელიც „პოლონური კულტურის საერთაშორისო პრომოუშენი 2017 – PROMESA“-ს ფარგლებში ტარდება.

ელბლონგის კამერული ორკესტრი 2007 წლის ოქტომბერში შეიქმნა და მისი რეპერტუარი მოიცავს როგორც კამერულ, ასევე სიმფონიურ მუსიკას. ორკესტრის მუსიკოსების დიდი პროფესიონალიზმი ცნობილია პოლონეთსა და  მის საზღვრებს გარეთ. კამერული ორკესტრი დაარსდა ელბლონგში, ჩრდილოეთ პოლონეთში და იგი ამ ტიპის ორკესტრებიდან ყველაზე ახალგაზრდა ორკესტრია პოლონეთში.
პოლონელი სტუმრები 16 ოქტომბერს ეწვევიან თბილისს და უკვე 18 ოქტომბერს, „სინფონიეტა სთეიჯიზე“ (სანაპიროს ქ. №4, შენობა 2, სართული 8) ჩატარდება სადისკუსიო შეხვედრა თემაზე – „თანამედროვე მუსიკა და კულტურის მენეჯმენტი“, სადაც მონაწილეობენ: ბოჟენა სილევიჩი – ელბლონგის კამერული ორკესტრის დირექტორი, მარეკ მოსი – დირიჟორი, ნინო ჟვანია – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის დეკანი და მაკა ვირსალაძე – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკის თეორიის ფაკულტეტის დეკანი.
19 ოქტომბერს, ფესტივალ „შემოდგომის თბილისი 2017“- ის დასკვნით კონცერტზე, ქართული და პოლონური ორკესტრები პოლონურ მუსიკას შემოგთავაზებთ, შესრულდება: კ.პენდერეცკის სინფონიეტას სიმებიანი საკრავებისთვის, კ.სიკორსკის „Sinfonietta per due Orchestre d’archi”, გ. ბაცევიჩის კონცერტს სიმებიანი ორკესტრისათვის, ვ. კილარის „ორავას“ და რ.ვ.ვილიამსის „ფანტაზიას თომას ტალისის თემაზე“ ორი სიმებიანი ორკესტრისათვის.
ღონისძიებები გაიმართება საქართველოში პოლონეთის საელჩოს  საპატიო პატრონატით.
პროექტს აფინანსებს პოლონეთის რესპუბლიკის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები