საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის გაფართოებული საინფორმაციო შეხვედრა მოაწყო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახლადდაარსებულ ტექნიკური გადამზადების ცენტრში, 4 ახალ პროფესიულ პროგრამაზე რეგისტრაცია და შესაბამისად, მიღება მიმდინარე სასწავლო წელს პირველად გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ტექნიკურმა უნივერსიტეტმა გაფართოებული საინფორმაციო შეხვედრა მოაწყო. საინფორმაციო შეხვედრაზე, რომელიც სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში ჩატარდა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილემ, ქეთევან ნატრიაშვილმა, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი -საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ, „BP- საქართველოს” გენერალურმა მენეჯერმა, კრის შლიტერმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა, საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრის პროექტის ფარგლებში, ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების აქტუალობასა და კურსდამთავრებულთა დასაქმების პერსპექტივებზე გაამახვილეს ყურადღება.
როგორც საინფორმაციო შეხვედრაზე აღინიშნა, ტექნიკური გადამზადების ცენტრის შექმნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და „BP საქართველოს” ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მხარდაჭერილია „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი -საქართველოს“ მიერ „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის“ პროექტის ფარგლებში. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს თანამედროვე, ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული პროფესიული პროგრამების შეთავაზების გზით, საქართველოში პროფესიული განათლების გაუმჯობესება -განვითარებასა და მაღალი საერთაშორისო სტანდარტის დაწესებას. პროექტი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დაფინანსებით, აშშ-ის და საქართველოს მთავრობებს შორის გაფორმებული მეორე 140 მლნ აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში. სტუ -ის რექტორის, არჩილ ფრანგიშვილის თქმით, ტექნიკური გადამზადების ცენტრი, სადაც სწავლება 100%-ით სახელმწიფოს მიერ არის დაფინანსებული, დაინტერესებულ პირებს სთავაზობს 4 ახალ პროფესიულ პროგრამას. ოთხივე პროგრამა სრულად პასუხობს თანამედროვე საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებს და ქმნის ახალ შესაძლებლობებს დასაქმების მიმართულებით. ეს პროგრამებია:მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსი, სამრეწველო ავტომატიზაციის ტექნიკოსი, მაღალი ძაბვის ელექტროტექნიკოსი და მექატრონიკის ტექნიკოსი.
სწავლების ხანგრძლივობა სპეციალობების შესაბამისად 12-დან 24 თვემდეა. თეორიული კურსის პარალელურად, სტუდენტები პრაქტიკულ უნარებს უახლესი ტექნიკით აღჭურვილ სასწავლო ლაბორატორიებში დაეუფლებიან და სასწავლო პრაქტიკას გაივლიან საქართველოს ბაზარზე მოქმედ წამყვან კომპანიებში.
სწავლების პროცესი მორგებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე პირების მოთხოვნებზე. რექტორის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პროფესიული განათლების დიპლომის პარალელურად, წარმატებული კურსდამთავრებულები მიიღებენ გერმანულ სერტიფიკატს, რომელიც გაიცემა გერმანიის სავაჭრო და სამრეწველო პალატის მიერ აკრედიტებული ორგანიზაციის მიერ. ტექნიკური გადამზადების ცენტრის კურსდამთავრებულები წარმატებით დასაქმდებიან ენერგეტიკისა და კომუნიკაციის სფეროში, მანქანათმშენებლობის სექტორში, მსუბუქ და კვების მრეწველობაში და სხვ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების ცენტრში სტუდენტების რეგისტრაცია მიმდინარე წლის 4 ოქტომბრიდან დაიწყო და 15 ოქტომბრის ჩათვლით გასტანს. ჩარიცხვის წინაპირობა სრული საშუალო განათლება და პროფესიული ტესტირების შედეგებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები