საპარლამენტო მუდმივმოქმედი დელეგაცია სტრასბურგში გაემგზავრება

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, 9-13 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. საშემოდგომო სესიაზე სიტყვით გამოვლენ ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი მილოშ ზემანი და უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საპარლამენტო ასამბლეა კენჭს უყრის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლის არჩევის მიზნით, საქართველოდან წარდგენილ კანდიდატებს. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატებად საქართველოდან წარდგენილი არიან: ლადო ჭანტურია, ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა.
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები, საშემოდგომო სესიის ფარგლებში, მონაწილეობას საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტების სხდომებში მიიღებენ. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის მუშაობაში მონაწილეობას თამარ ჩუგოშვილთან ერთად, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები: სოფიო ქაცარავა, ირინე ფრუიძე, ეკა ბესელია, ნინო გოგუაძე, ზვიად კვაჭანტირაძე და გიორგი კანდელაკი მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები