ლიბიის ციხეში მყოფი ქართველი მეზღვაურის ოჯახი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს

55 წლის ბათუმელი მეზღვაურის, სოსლან კაკაბაძის ოჯახი დახმარებას ითხოვს და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს.
„მივმართეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს. თავდაპირველად დაგვპირდნენ, დაგეხმარებით, რაღაცაში ჩავერევითო, მაგრამ დრო გადის და არაფერი. უკვე მესამე წელი დაიწყო, რაც სოსლანი ლიბიის ციხეშია, ბრალიც კი არ ვიცით, რა აქვს წაყენებული. გვითხრეს, რომ ეგვიპტეში საქართველოს საელჩომ აგვიყვანა ადვოკატი, მეუბნებიან, რომ ფულს უხდიან იმ ადვოკატს, მაგრამ სასამართლო არ იმართება. ყოველ თვეში გვეუბნებიან, რომ პროცესი გადაიდო. სასამართლო თუ გაიმართა, ჩემი მეუღლე გამართლდება და გამოუშვებენ, გათავისუფლების შემთხვევაში, შემდეგ პროცედურებში დახმარებას ლიბიაში უნგრეთის ელჩი გვპირდება“, – ამბობს სოსლან კაკაბაძის მეუღლე დონარა გოგიტიძე.
ცნობისათვის, კაკაბაძე უკვე მესამე წელია, ლიბიის ციხეში იმყოფება, თუმცა დღემდე არ იცის, რა ბრალდებით დააკავეს ლიბიელმა სამართალდამცველებმა.
ტოგოს დროშის ქვეშ მცურავ გემზე მზარეულად სამუშაოდ კაკაბაძე 2015 წლის აგვისტოში წავიდა. სამუშაოს დაწყებიდან 12 დღეში, ეკიპაჟი, რომელშიც საქართველოს ერთადერთი მოქალაქე იყო, ლიბიაში დააკავეს. კაკაბაძე ამტკიცებს, რომ გემი ამ დროს ცარიელი იყო და დღემდე არ აუხსნიათ, რა ბრალეულობა მიუძღვის ეკიპაჟს. დაკავებული მეზღვაურის ძმა ამირან კაკაბაძე, რომელიც ასევე შორეული ნაოსნობის კაპიტანია, ამბობს, რომ ბოლო დროს, კავშირზე გასვლას მხოლოდ საერთაშორისო პროფკავშირების დახმარებით ახერხებს.
„წვდომა არ არის იმ ქვეყანაში და ჩართეს ეგვიპტეში საქართველოს კონსული, რომელიც უშუალო კონტაქტში იქნებოდა ლიბიის მთავრობასთან, ან ლიბიის კონსულთან ეგვიპტეში, მაგრამ მესამე წელია, შედეგი არ ჩანს. დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული კომუნიკაცია. მე ვუკავშირდები მალტაში საერთაშორისო პროფკავშირებს, რომლებიც პერიოდულად მაწვდიან ინფორმაციას, არასახარბიელოს, მაგრამ იმითაც კმაყოფილი ვარ, რომ ვიცით, ცოცხალია“, – აცხადებს ამირან კაკაბაძე.
ოჯახის წევრების თქმით, გემი, რომელზეც ქართველი მეზღვაური იყო დასაქმებული, მცირე ზომისაა, მისი ეკიპაჟი მხოლოდ ხუთი წევრისგან შედგებოდა. მათ შორის, ორი ეგვიპტის, ერთი ხორვატიის, ერთი მალტის და ერთიც საქართველოს მოქალაქე იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები