თენგიზ ფხალაძე ბუქარესტის სამიტის მუშაობაში მონაწილეობს

საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა, თენგიზ ფხალაძემ ბუქარესტის ფორუმის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა, რომელზეც საერთაშორისო თანამშრომლობისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილება.
თენგიზ ფხალაძე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა, რომელიც ინიციატივას – “ჩინეთის გზა და სარტყელი” ეძღვნებოდა და ყურადღება საქართველოს როლზე, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელ ხიდზე, გაამახვილა. მან მიმდინარე საერთაშორისო პროექტების შესახებ და იმ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რომელსაც საქართველო ქმნის.
თენგიზ ფხალაძის განცხადებით, საქართველოს, როგორც პასუხისმგებლიანი პარტნიორისა და ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობის ქვეყნის ჩართულობა ამ პროექტში მრავალმხრივ საერთაშორისო თანამშრომლობას შეუწყობს ხელს .
“ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს იმ ტიპის პროექტებისათვის, სადაც ყველა მხარე მოგებულია. საქართველოს დაცულობა და შემდგომი ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მეტი სტაბილურობის მომტანია და ხელს შეუწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას”,- განაცხადა ფხალაძემ.
დახურულ ფორმატში გამართული მეორე სესია, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა მიიღო, საქართველო-უკრაინა-მოლდავეთის კონფლიქტებს და მეზობლებისადმი რუსეთის პოლიტიკას ეძღვნებოდა.
თენგიზ ფხალაძემ აუდიტორიას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მიმართ რუსეთის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე და მცოცავი ოკუპაციისა და ფარული ანექსიის შესახებ. ხაზგასმით აღინიშნა, რომ რუსეთის შეკავების ერთადერთი საშუალება საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე მხარდაჭერა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები