კოტე მიქაბერიძე – გამოფენა და მონოგრაფიული გამოცემის წარდგენა გაიმართება

ქართველი კინორეჟისორის, სცენარისტის, მსახიობისა და მხატვრის – კოტე მიქაბერიძის (1896-1973) შესახებ საქართველოს ეროვნული არქივისა და საზოგადოებრივი გამომცემლობა „სა.გა.-ს” მიერ ორგანიზებული გამოფენა ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 6 ოქტომბერს გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ამავე დღეს გაიმართება კოტე მიქაბერიძის შესახებ პირველი მონოგრაფიული გამოცემის პრეზენტაცია.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ფოტო და წერილობითი მასალა, ასევე, კოტე მიქაბერიძის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, რომელთა ნაწილი საჯაროდ პირველად გამოიფინება.
დარბაზში განთავსებულ მონიტორებზე დამთვალიერებელს საშუალება ექნება, ნახოს მიქაბერიძის მიერ გადაღებული ფილმების ყველა შემორჩენილი და ხელმისაწვდომი ასლი. „ჩემი ბებიას“ (1929) გარდა, კინომოყვარულთა და პროფესიონალთა წრეებისთვის ნაკლებად ცნობილია მიქაბერიძის სხვა სარეჟისორო ნამუშევრები: „ჰასანი“ (1932), „ქაჯეთი“ (1936), „ფორპოსტი“ (1941), „ალბანეთის დელეგაცია საქართველოში“ (1952) და სხვ.
გამოფენის ფარგლებში, გაიმართება საზოგადოებრივი გამომცემლობა „სა.გა.-ს” მიერ დასტამბული წიგნის – „კოტე მიქაბერიძე“ – პრეზენტაცია.
წიგნი პირველი მოცულობითი მონოგრაფიაა რეჟისორის შესახებ. მასში თავმოყრილია კოტე მიქაბერიძის შემოქმედებასა და ბიოგრაფიასთან დაკავშირებული უნიკალური დოკუმენტები 14 სხვადასხვა არქივიდან. თავში „რეპრესია 1957-1959“ წარმოდგენილია აქამდე გამოუქვეყნებელი და მიქაბერიძის დაპატიმრებისა და გასამართლების დღემდე უცნობი დოკუმენტები.
მონოგრაფიას წარადგენენ შემდგენელ-გამომცემლები და გამოფენის კურატორები: სოსო დუმბაძე და ნინო ძანძავა.
გამოფენა 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები