საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში 58 616 საქმიანობაა რეგისტრირებული

საჯარო რეესტრი ეკონომიკურ საქმიანობათა სავალდებულო და ნებაყოფლობითი სახის რეგისტრაციას 2016 წლის სექტემბრიდან ახორციელებს.
ყველა ის პირი, რომლის საქმიანობაც საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განხორციელებასთან, ბიზნესოპერატორის საქმიანობასთან ან საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასა თუ შრომით მოწყობაში დახმარებასთანაა დაკავშირებული, ვალდებულია, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში დარეგისტრირდეს. დანარჩენ შემთხვევაში – რეგისტრაცია ნებაყოფლობითია.
ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრი ბიზნესსუბიექტების შესახებ მაღალი ხარისხის, სარწმუნო მონაცემთა ბაზის ფორმირებას ითვალისწინებს, რომელშიც თავმოყრილია სრული ინფორმაცია ბიზნესსუბიექტების საქმიანობების შესახებ. სისტემურად აღრიცხული, მუდმივად განახლებადი საჯარო მონაცემთა ბაზა ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეკონომიკურ საქმიანობასთან და ბიზნესთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის სტატისტიკისა და კვლევების წარმოებას, საქართველოსა თუ ევროკავშირის მოქალაქეებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის ქვეყანაში არსებული ეკონომიკური საქმიანობების შესახებ ინფრომაციის მარტივად მიწოდებას. ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრი საერთაშორისო სტანდარტით აღიარებულ ეროვნულ კლასიფიკატორს ეფუძნება, რაც მასში გაერთიანებულ მონაცემებს ხელმისაწვდომს არა მარტო ადგილობრივი, არამედ გლობალური მასშტაბითაც ხდის. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრის შექმნა შესაბამისობაშია ასოცირების შეთანხმებასთან და იგი საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესში გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის მომსახურების მიღება იუსტიციის სახლებში, საჯარო რეესტრის ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებშია შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები