თამარ ჭაბაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა – „ყოველდღიურობის ქსოვილი“ გაიხსნება

 თამარ ჭაბაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა – „ყოველდღიურობის ქსოვილი“ გაიმართება. გამოფენის ორგანიზატორები Project ArtBeat და წყალტუბოს ხელოვნების ფესტივალი არიან.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, პროექტის მიზანია ქართული ხელოვნების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენა და საქართველოს რეგიონებში კულტურული აქტივობების მხარდაჭერა.
თანამედროვე ქართველი არტისტის ნამუშევრები, მოძრავი გალერეის ექსპერიმენტულ სივრცეში, ქალაქ წყალტუბოში, ტურიზმის განვითარების ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე იქნება წარმოდგენილი. პროექტი წყალტუბოს ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდისა და წყალტუბოს ხელოვნების ფესტივალის მხარდაჭერით ხორციელდება.
თამარ ჭაბაშვილი: „მოძრავი გალერეის კონტეინერში, როგორც მობილური საგამოფენო სივრცის კონტექსტში, ახალი ნარატივის შესაქმნელად, ჩემი წინა ნამუშევრების ელემენტებს ვიყენებ: სუფრას, ბოხჩასა და მოსაჩითი ნიმუშების წიგნს. კონტეინერი, როგორც წესი, განკუთვნილია საქონლის შენახვისა და ტრანსპორტირებისთვის, რომელიც დამალულია მის სივრცეში. დამალულ შინაარსზე ხაზგასმით ჩემი ნამუშევრები ისაუბრებენ ქალთა მტკივნეულ გამოცდილებებზე, რაც, ძირითადად, შეუმჩნეველი რჩება.
ყველა ეს ნამუშევარი ნაჭერშია შესრულებული და ყოვედლღიური მოხმარების ნივთებს ეფუძნება. ცხოვრებისეული სირთულეების ნიმუშებად წარმოსახვით, ვცდილობ, ვისაუბრო იმ რუტინულ ძალადობაზე, რომელიც არსებული სოციალური და კულტურული ნორმებით არის განპორობებული. თითოეული ნამუშევარი წარმოადგენს მცდელობას, მიჩუმათებულ ხმას შეუქმნას სივრცე“.
ნამუშევრები განთავსდება ხის მაგიდებზე, რომლებსაც ადგილობრივი ოჯახებიდან სპეციალურად ამ გამოფენისთვის  გამოითხოვენ.

თამუნა ჭაბაშვილის სახელოვნებო პრაქტიკა ინდივიდუალურ და თანამშრომლობით პროექტებს მოიცავს. იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის დასრულების შემდეგ, მან სწავლა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში განაგრძო. მოგვიანებით, ჭაბაშვილმა მიიღო სახვითი ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი გერით რითველდის სამხატვრო აკადემიაში, ამსტერდამში, სადაც 1998 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს. ის არის 2003 წელს დაფუძნებული ხელოვანთა ინიციატივის – Public Space With A Roof (PSWAR) თანადამაარსებელი.

ხელოვანის ამჟამინდელი ნამუშევრები ეხება გენდერული პერსპექტივიდან დანახული ტრადიციის, რუტინისა და ჩაჩუმების საკითხებს. ის იყენებს ტრადიციულ არტეფაქტებსა და მეთოდებს (ხელოვნებიდან და რეწვიდან) და ცდილობს, ისინი გარდაქმნას ისეთ ახალ ნარატივებად, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს იმ პოზიციებს, რომლების ჯგუფურ და პირად დონეზეა გაბატონებული.
2014 წელს, ანთროპოლოგ აგნეშკა დუდრაკთან თანამშრომლობით, მან განახორციელა კვლევითი პროექტი „საკუთარი სუფრა“, რომელიც საქართველოში ქალთა მიმართ გენდერულ ძალადობას შეეხებოდა. 2015 წელს ამ ნამუშევრის ნაწილი უჩვენეს კიევის ბიენალეზე The School of Kiev და სტამბულის მე-14 ბიენალეს პარალელურ პროგრამაზე: Manifest Thought Form – A Route of Evanescence, გალერეაში Kuad (სტამბული). ჭაბაშვილის გამოფენა, სახელწოდებით „მოსაჩითი ნიმუშების წიგნი“ 2016 წელს თბილისში, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში გაიმართა. გამოფენა ყურადღებას ამახვილებდა იმ ქალთა „ყოველდღიურობის“ წარმოჩენაზე, ვინც სხვაგვარად შეუმჩნეველნი არიან.
თამარ ჭაბაშვილი ცხოვრობს და მუშაობს ამსტერდამსა და თბილისში.

სოლო გამოფენის – „ყოველდღიურობის ქსოვილის“ მისამართია: რუსთაველის ქ. 39ა, წყალტუბოს ტურიზმის განვითარების ცენტრის მიმდებარე ტერიტორია, Project ArtBeat-ის მოძრავი გალერეა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები