ტაო-კლარჯეთის კულტურის ძეგლები 11 ტომად იქნება წარმოდგენილი

კავკასიის უნივერსიტეტმა, სამტრედიაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, სამეცნიერო სემინარი ჩაატარა.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, სემინარი საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ “ინოვაციებისა და მეცნიერების ფესტივალის” ფარგლებში გაიმართა.
სემინარი მიეძღვნა კავკასიის უნივერსიტეტის პროექტს, რომელიც ტაო-კლარჯეთის სამეცნიერო კვლევას ეხება. 2014 წლიდან უნივერსიტეტი, საქართველოს კულტურისა და ტურისტულირესურსების კვლევის ცენტრთან ერთად, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში ინტენსიურ საკვლევ ექსპედიციებს ახორციელებს. ამ პერიოდის განმავლობაში 23 ექსპედიცია მოეწყო და ასობით უცნობი ქართული კულტურის ძეგლი გამოვლინდა. სიახლეები წარმოდგენილია 2014 და 2015 წლის საკვლევი ექსპედიციების ანგარიშებში, საბოლოოდ კი ტაო-კლარჯეთის კულტურის ძეგლები წარმოდგენილი იქნება 11 ტომად.
სამტრედიაში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის ტაო-კლარჯეთის შესახებ ფოტოგამოფენა მოეწყო, ჩატარდა სემინარი ამ რეგიონის კვლევის პერსპექტივების და ახლად გამოვლენილი ძეგლების შესახებ, დასასრულს კი მოეწყო ფილმის ჩვენება, სადაც ასახულია საექსპედიციო მუშაობის ამსახველი კადრები.
შეხვედრას უძღვებოდნენ: კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, დოქტორი კახა შენგელია, უნივერსიტეტის სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი თეიმურაზ ხუციშვილი, აგრეთვე, საექსპედიციო გუნდის წევრები: ლევან წიქარიშვილი, შალვა კოღუაშვილი და ანა იმედაშვილი.
აღსანიშნავია რომ, საქართველოში ინოვაციებისა და მეცნიერების საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს, რომელიც დამთვალიერებელს 150-მდე ღონისძიებას სთავაზობს, მათ შორის სემინარებს, კონფერენციებსა და სამეცნიერო პიკნიკებს საქართველოს რეგიონებში.
ინოვაციებისა და მეცნიერების საერთაშორისო ფესტივალი 24 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები