მუსიკის სახლი, რომელსაც „ნიჭიერთა ათწლედი“ ჰქვია…

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის – „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეები მრავალი ფესტივალისა და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები არიან. მათ ეს შემოდგომაც წარმატებით დაიწყეს.
1 ოქტომბერს ტამბოვის ოლქის დაბა ივანოვკაში სერგეი რახმანინოვის სახლ-მუზეუმის საკონცერტო დარბაზში სოლო კონცერტს გამართავს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ საფორტეპიანო განყოფილების მოსწავლე სანდრო გეგეჭკორი (პროფ. ალექსანდრე გარბერის კლასი);
გიორგი გიგაშვილი რამოდენიმე დღეში მონაწილეობას მიიღებს თბილისის საერთაშორისო კონკურსში. ხოლო მარიამ ჭანკვეტაძე ამჟამად ციურიხში იმყოფება და კონცერტებით გამოდის.
12 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართება, სადაც სანდრო გეგეჭკორი და გიორგი გიგაშვილი მონაწილეობენ.
სამივე მუსიკოსი „ნიჭიერთა ათწლედის“ წარმატებული მოსწავლე და მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია…
ისინი ემადლიერებიან „ნიჭიერთა ათწლედს“, მის პედაგოგებს, სადაც მუსიკის სიყვარულს ეზიარნენ და ოსტატობას დაეუფლნენ.
პორტალ „კვირას“ არაერთხელ გაუშუქებია მათი წარმატებები. ამჟამად გთავაზობთ თავად მათ სამადლობელ წერილს „ნიჭიერთა ათწლედისა“ და პედაგოგებისადმი.

„თუ ცხოვრებაში საკუთარი თავისთვის ხშირად გიკითხავთ, სად იგრძნობდით ყველაზე მუსიკალურად თავს, სადაც ყველა ნოტს, ყველა ბგერასა თუ მელოდიას სიცოცხლეზე მეტად შეგაყვარებენ, პირდაპირ გეტყვით, რომ ეს ადგილი ჩვენი მშობლიური „ნიჭიერთა ათწლედია“.
რამდენიმე წლის წინ ჩვენც ვფიქრობდით ამ სკოლაზე. არა! ეს უბრალოდ სკოლა არაა. ეს არის მუსიკის სახლი, სადაც ძალიან თბილ , ჰარმონიულ გარემოში შეიძლება მსოფლიოში აღიარებული ძალიან წარმატებული მუსიკოსი გახდე!
სრული დარწმუნებით ვამბობთ, რომ ეს „სახლი“ ყველა მაცხოვრებლის ერთი დიდი თავშეყრის ადგილია, სადაც ჩვენ – ბავშვები ყველანი ვმეგობრობთ. ვმსჯელობთ სხვადასხვა მუსიკალურ თემებზე, კომპოზიტორებზე თუ ნაწარმოებებზე. ერთმანეთის შესრულებას ხშირად ვაკრიტიკებთ, მაგრამ, რაღა თქმა უნდა, ნატურალურად, ეს კრიტიკაც იმ სიყვარულიდან მოდის, რომელსაც ჩვენი „ნიჭიერთა ათწლედი“ გვასწავლის.
ჩვენი პედაგოგები გამორჩეული გულისხმიერებით, თავდაუზოგავი მუშაობის უნარითა და დიდი გამოცდილებით გამოირჩევიან. მარტო ერთი მაგალითის მოყვანა წერტილს დაუსვამს ამ ყველაფერს.

ზოგი დიდი გოლდენვეიზერის სკოლით ასწავლის, ზოგიც ნეიჰაუზის და ა.შ. დიახ, მათ ეს განათლება ისეთ კორიფე მუსიკოსებთან მიიღეს, რომლებიც სწორედ ზემოთ ჩამოთვლილებთან სწავლობდნენ. ამით უკვე ყველაფერი ნათქვამია.
ძალიან მინდა დიდი სიყვარულით ვახსენო მომსახურე პერსონალიც, რომლებიც უკვე 40-50 წლის განმავლობაში არ იშურებენ შრომას და ენერგიას და ღირსეულად ემსახურებიან ჩვენს „სახლს“ . საოცარია… ამდენი ხნის განმავლობაში ერთხელაც არ შეუცვლიათ თავისი საქმე. ერთგულად მოჰყვებიან დღემდე ბავშვების საკეთილდღეოდ.
და გარემო… რომელიც შუაგულშია შექმნილი, ძალიან გიზიდავს. ბოლოს თავს ისე გაყვარებს, რომ გინდა ყოველ წუთს იქ იყო და არ წამოხვიდე. იქ ხომ მუდამ ბეთჰოვენის, მოცარტის, ბახის და კიდევ, ვინ იცის, რამდენი გენიალური კომპოზიტორის მუსიკა ჟღერს. მარტო რახმანინოვი რად ღირს!
და აი, ასე წარმოიქმნება ერთი დიდი „სახლი“, მუსიკის სახლი, რომელსაც „ნიჭიერთა ათწლედი“ ჰქვია“.
პატივისცემით ამავე „სახლის“ მაცხოვრებლები:
სანდრო გეგეჭკორი, გიორგი გიგაშვილი და მარიამ ჭანკვეტაძე