პატრიარქი: ხვალ იქნება პირველი შეხვედრა და ფიქრი იმის შესახებ, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყნის მთლიანობას მივაღწიოთ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ტრადიციული ქადაგების დროს ერის გამთლიანების საკითხს კიდევ ერთხელ შეეხო და მრევლს მიმართა, რომ ხვალ, 10:00 საათზე სამებაში შეიკრიბონ ამ თემასთან დაკავშირებით.
სამების საკათედრო ტაძარში ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლიტურგია დასრულდა. პატრიარქმა მრევლს დღევანდელი დღესასწაული მიულოცა და ტრადიციული ქადაგებით მიმართა.
პატრიარქის თქმით, რატომღაც ისეა ადამიანის გონება მოწყობილი, რომ ერთმანეთში ცუდს ვხედავთ და ნაკლებად კარგს. როგორც მან აღნიშნა, ჩვენ უნდა შევიცნოთ თავი ჩვენი და შევიცნოთ ერთმანეთი.
„დღეს ჩვენ ვიხსენებთ აფხაზეთის ომში დაღუპულებს და შევთხოვთ უფალს, რომ მათი ლოცვა შეგვეწიოს ჩვენ და საქართველოს. მე ადრე გითხარით, რომ ხუთშაბათობით გვექნება შეხვედრა, ხვალ 10:00 საათზე ჩვენ შევიკრიბებით აქ, სამების ტაძარში. ეს იქნება პირველი შეხვედრა და ფიქრი იმის შესახებ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ იმისთვის, რომ მთლიანობას მივაღწიოთ, მთლიანობა დავიმსახუროთ. ღმერთი მოწყალეა და მოგვცემს ჩვენ მთლიანობას. ხვალ იქნება შეხვედრა სამებაში, მაგრამ მომავალში, რადგან ეს სამუშაო დღეა, ალბათ შაბათობით გვექნება შეხვედრები. ჩვენ უნდა შევიცნოთ თავი ჩვენი და შევიცნოთ ერთმანეთი, ჩვენ უნდა მხარში ამოვუდგეთ ერთმანეთს. რატომღაც ისეა მოწყობილი ადამიანის გონება, რომ ერთმანეთში ცუდს ვხედავთ და ნაკლებად კარგს. უნდა დავინახოთ სიკეთე, უნდა დავინახოთ სიყვარული, სიხარული. სიხარული არის შედეგი სიყვარულისა. ფილოსოფოსი კონფუცი ამბობს, რომ არ არის საკმარისი სხვამ გითხრას, რომ უყვარხარ, შენ უნდა მიაღწიო ისეთ სიმაღლეს, რომ შენ უთხრა სხვას: „საყვარელო, მიყვარხარ“. ფსალმუნში ვკითხულობთ: „მაუწყე მე უფალო გზაი, რომელსაცა ვიდოდე“. ხვალინდელი დღე მთლიანობის, საქართველოს, ქართველი ხალხის გამთლიანების დღეა, დასაწყისია გამთლიანების და შევთხოვთ უფალს, გვაუწყოს, გვითხრას, გვიჩვენოს გზა, რომელსაც ვიდოდეთ“, – ბრძანა პატრიარქმა.
პატრიარქმა დღესვე სამი მღვდელი: მამა ლუკა მკალავიშვილი, მამა ლევან ალადაშვილი, მამა ბასილ მურვანიშვილი დეკანოზის ხარისხში აიყვანა და გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები