გიორგი მარგველაშვილმა გურამ გაბესკირიას სიკვდილის შემდეგ ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სოხუმის მერ გურამ გაბესკირიას სიკვდილის შემდეგ, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.
პრეზიდენტმა ეროვნული ჯილდო გურამ გაბესკირიას ოჯახს გადასცა. გიორგი მარგველაშვილი გმირთა მოედანზე მივიდა და სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
პრეზიდენტის განცხადებით, 27 სექტემბერი არის ტკივილიანი, როდესაც ქვეყნის ერთიანობისათვის ბრძოლას გურამ გაბესკირიამ და უამრავმა ქართველმა შესწირა თავი.
„დღეს, ჩვენი ეროვნული გლოვისა და დიდი ტრაგედიის დღეა, 1993 წლის 27 სექტემბერს დაეცა სოხუმი. არაერთმა ქართველმა გმირმა შესწირა თავისი სიცოცხლე სამშობლოს დაცვას. მათ შორის, 27 სექტემბერს ჟიული შარტავასთან ერთად ალყაში მოექცა და დახვრეტილ იქნა მტრების მიერ – იყო ადამიანი, რომელსაც როცა დაჩოქება უბრძანეს, უთხრა, რომ ამას არასდროს იზამდა. ასე წელგამართული შეეგება სიკვდილს. დღეს ამ ადამიანის ღვაწლს გამოვყოფთ, სოხუმის მერის, პოლკოვნიკ გურამ გაბესკირიას ხსოვნას აღვნიშნავთ და იმ ტკივილთან ერთად, რომელიც დღეს ყველს გვაერთიანებს, გვაერთიანებს სიამაყეც და ზეიმიც მისი უტეხი სულის. დღეს ჩვენ ვაჯილდოებთ ჩვენი სამშობლოს უმაღლესი ჯილდოთი ეროვნული გმირის წოდებით“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სოხუმის მერი გურამ გაბესკირია 1993 წლია 27 სექტემბერს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობის შტურმისას სეპარატისტებმა ტყვედ აიყვანეს. ის ჟიული შარტავასთან და 27 ადამიანთან ერთად დახვრიტეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები