ირაკლი კობახიძე სამხრეთ კავკასიის საკითხებში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

????????????????????????????????????

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სამხრეთ კავკასიის საკითხებში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელს კრისტიან ვიგენინს შეხვდა.

ირაკლი კობახიძემ სტუმარს საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესში ეუთოს მიერ გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე, გამოხატა კმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ ეუთოს სადამკვირვებლო მისია 21 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებს დააკვირდება.

მხარეებმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე ისაუბრეს. პარლამენტის თავმჯდომარემ კრისტიან ვიგენინს საკონსტიტუციო რეფორმა და ამ პროცესის ფარგლებში არსებული მთავარი ცვლილებები გააცნო. აგრეთვე, განაცხადა, რომ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების ამბიციური დღის წესრიგის მთავარი მიზანი უცხოელი მეგობრებისთვის საქართველოს, როგორც ძლიერი პარტნიორის  ჩამოყალიბებაა.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა. ირაკლი კობახიძის თქმით, ეთნიკურად ქართველ მოსწავლეებს აღარ ეძლევათ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების საშუალება, ასევე, გრძელდება საოკუპაციო ხაზის გამაგრება მავთულხლართებითა და ხელოვნური ბარიერებით, საოკუპაციო ხაზზე ადგილობრივი მოსახლეობის უკანონოდ დაკავება და გატაცება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა.

პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება მუდმივად უნდა იყოს საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში და მნიშვნელოვანია, რომ მეგობარმა და პარტნიორმა სახელმწიფოებმა ხმა აიმაღლონ საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების ასეთი უხეში დარღვევის გამო. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მტკიცედ ემხრობა კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და აგრძელებს ჩართულობის პოლიტიკისა და ნდობის აღდგენის მექანიზმების განხორციელებას.

შეხვედრას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, დელეგაციის წევრი გიორგი წერეთელი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები