„მე – ნიკოლაი გუმილიოვი!“- ივანე ქურასბედიანის მონოსპექტაკლი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მიემგზავრება

4 ოქტომბერს ალ. გრიბოედოვის სახ. თბილისის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის წარმოდგენა „მე – ნიკოლაი გუმილიოვი!“ მოსკოვის X საერთაშორისო მონო სპექტაკლების ფესტივალზე «SOLO» წარდგება.
როგორც „კვირას“ გრიბოედოვის თეატრიდან აცნობეს,  ქართული სპექტაკლის გარდა, წელს საერთაშორისო ფესტივალზე წარდგენილი იქნება 18 სპექტაკლი იტალიიდან, პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და რუსეთიდან.
სპექტაკლის „მე – ნიკოლაი გუმილიოვი!“ დადგმა და სცენური ვერსია ეკუთვნის რეჟისორ ლევონ უზუნიანს. მთავარ როლშია გრიბოედოვის თეატრის წამყვანი მსახიობი ივანე ქურასბედიანი.
სპექტაკლში გამოყენებულია გუმილიოვის ლექსები საქართველოზე, მოგონებები, უნიკალური საარქივო მასალები. გამოჩენილი რუსი პოეტის ნიკოლაი გუმილიოვის შემოქმედებითი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავშირებულია საქართველოსთან. მან ბავშვობის წლები გაატარა თბილისში, შემდგომ ხშირად სტუმრობდა საქართველოს და არაერთი შესანიშნავი სტრიქონი მიუძღვნა ჩვენს ქვეყანას.
უჩვეულო რეჟისორული ხერხი სპექტაკლის ბოლომდე ვერ გვაპოვნინებს პასუხს კითხვაზე – ვინ არის ეს კაცი? თავად პოეტი, მისი ორეული, მისი მტერი თუ მოყვარე, ან ეს სულაც ფანტომია, რომელიც არ არსებობს. მაყურებელს კი მოულოდნელი და გამაოგნებელი ფინალი ელის.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის მაისში სპექტაკლმა „მე – ნიკოლაი გუმილიოვი!“ დაიმსახურა XVI მონო პიესების საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის „არმმონო“ დიპლომი (ერევანი, სომხეთი).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები