საგანმანათლებლო პროგრამა – „ინდიელთა ჯადოსნური ტომები” დაიწყო

ხელოვნების სასახლემ სკოლის მოსწავლეთათვის ახალი საგანმანათლებლო პროექტი – „ინდიელთა ჯადოსნური ტომები“ დაიწყო. როგორც „კვირას“ ხელოვნების სასახლეში განუცხადეს, პატარებს საოცარი თავგადასავალი ელოდებათ. მათ საშუალება ეძლევათ, იხილონ ამერიკელი ფოტოგრაფის, ედუარდ შერიფ კურტისის გამოფენა, სადაც წარმოდგენილია ამერიკის პირველ მაცხოვრებელთა ორიგინალი ნივთები და რიტუალების ამსახველი უნიკალური კადრები.

1. ბავშვები დაათვალიერებენ თბილისში ერთ-ერთ ულამაზეს სასახლეს, რომელიც XIX საუკუნეშია აგებული და ისლამური გოთიკის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს.

2. გაეცნობიან მუზეუმის დაარსების ისტორიას. იმოგზაურებენ საინტერესო სამყაროში, დაათვალიერებენ 5 მუდმივმოქმედ საგამოფენო დარბაზს, სადაც წარმოდგენილია მუზეუმში დაცული მრავალრიცხოვანი საგანძურის ყველაზე გამორჩეული ექსპონატები.

3. პროგრამის მონაწილეები გაეცნობიან ამერიკის პირველ მაცხოვრებელთა კულტურას, ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს, აღმოაჩენენ გაქრობის პირას მისული ინდიელთა ტომების მომაჯადოებელ რიტუალებსა და ცერემონიებს.

4. პრაქტიკული ნაწილი მოიცავს გონების სავარჯიშოს, სახალისო დეტალებს. გამოფენის ხილვის შემდგომ ბავშვები შეძლებენ დაამზადონ თავსაბურავი – „ვორბონეტი”, რომელიც მხოლოდ ბელადებისა და განსაკუთრებული დამსახურებების მქონე მეომრებისათვის იყო განკუთვნილი.

5. პროგრამის მიზანია ბავშვების დაინტერესება მუზეუმით, ხელოვნებით, ეროვნული კულტურით. ქართული ტრადიციული თოჯინების საინტერესო ისტორიის გაცნობა, ფანტაზიისა და გუნდური მუშაობის უნარის გამომუშავება და ხელშეწყობა.

პროგრამა განკუთვნილია სკოლის ასაკის მოსწავლეთათვის. ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 10-30; პროგრამის ხანგრძლივობა: 90 წუთი; პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.
მის: „ხელოვნების სასახლე“ ი. კარგარეთელის ქ. №6.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები