„ევროპის მემკვიდრეობის დღეები“: ხელოვნების სასახლეში საგანმანათლებლო ტური გაიმართება

30 სექტემბერს, 14:00 საათზე, ხელოვნების სასახლის მუზეუმის დენდროლოგიურ ბაღში სპეციალურად მომზადებული საგანმანათლებლო ტური გაიმართება.
როგორც „კვირას“ ხელოვნების სასახლიდან აცნობეს, ტური „ევროპის მემკვიდრეობის დღეების“ ფარგლებში გაიმართება, დასწრება თავისუფალი იქნება როგორც უფროსი თაობის წარმომადგენლებისათვის, ასევე სკოლის აღსაზრდელთათვის.
30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კოორდინირებით საქართველოში „ევროპის მემკვიდრეობის დღეები“ აღინიშნება.
„ევროპის მემკვიდრეობის დღეების“ 2017 წლის თემაა ,,მემკვიდრეობა და ბუნება: შესაძლებლობათა ლანდშაფტი“. საქართველოს მასშტაბით, ადგილობრივი თვითმმართველობების, სამინისტროს სისტემაში შემავალი მუზეუმების, არასამთავრობო ორგნიზაციების ჩართულობით სემინარები, გამოფენები, შემეცნებითი ტურები და სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი.
ინიციატივა „ევროპის მემკვიდრეობის დღეები” ჯერ კიდევ 1985 წლიდან მომდინარეობს, ხოლო 1999 წლიდან წარმოადგენს ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივ პროგრამას, რომელშიც მონაწილებას იღებს ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერი 50 ქვეყანა.
„ევროპის მემკვიდრეობის დღეები“ უმეტესად ყოველი წლის შემოდგომაზე, ერთ-ერთ შაბათ-კვირას იმართება და წარმოადგენს ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომელიც გამოფენების, კონფერენციების, საჯარო ლექციების, და სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისათვის დაგეგმილი საგანმანათლებლო პროგრამებისა და აქტივობების მეშვეობით მიმართულია ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერი ქვეყნების კულტურული მემკვიდრეობის, როგორც საერთო ევროპული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისაკენ.
ყოველწლიურად, პროგრამის ფარგლებში ორგანიზებული ღონისძიებები სპეციფიკური თემის ირგვლივ აღინიშნება. თემები, ძირითადად, ფოკუსირებულია მემკვიდრეობის სხვადასხვა ტიპის, კულტურული მემკვიდრეობისა და სხვადასხვა დარგის ურთიერთკავშირის, ისტორიის სხვადასხვა პერიოდისა და საზოგადოების მემკვიდრეობისადმი დამოკიდებულების საკითხებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები