საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ქეთევან დედოფლის ხსენებას აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენებას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.
წმინდა დედოფალი ქეთევანი აშოთან მუხრან ბატონის ასული იყო. შაჰ-აბასის ბრძანებით, წმინდა დედოფალი 1624 წლის 26 სექტემბერს ენით აუწერელი სისასტიკით აწამეს. წამების მხილველმა კათოლიკებმა დედოფლის ნაწილები დიდი პატივით წაასვენეს, საკმევლით და მურით გაჟღენთილ ქსოვილში გაახვიეს და ინდოეთში, კათოლიკურ მონასტერში დაასვენეს. შემდგომ მიწისძვრის შედეგად მონასტერი დაინგრა და წმინდა დედოფლის საფლავი ბოლო დრომდე დაკარგულად ითვლებოდა. იგი ინდოელ არქეოლოგებთან და ექსპედიციის წევრებთან ერთად, ავჭალის წმინდა ქეთევან დედოფლის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა გიორგი რაზმაძემ 2006 წელს აღმოაჩინა.
რამდენიმე დღის წინ, წმინდა დედოფლის წმინდა ნაწილები 6 თვით, ინდოეთიდან საქართველოში 23 სექტემბერს ჩამოაბრძანეს. დღესასწაულთან დაკავშირებით, წმინდა დედოფლის ნაწილი გუშინ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრიდან კახეთში, ალავერდის ტაძარში გადააბრძანეს, სადაც მორწმუნეებს სიწმინდის მოლოცვა 1-ელ ოქტომბრამდე შეეძლებათ. შემდეგ კი წმინდა ნაწილს სხვა ეპარქიებში გადააბრძანებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები