აიზეკ აზიმოვის „დასაბამის“ წარდგენა გაიმართება

28 სექტემბერს, 19:30 საათზე, სასწავლო ცენტრ „ჯეოლაბში“, აიზეკ აზიმოვის „დასაბამის“ პრეზენტაცია შედგება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, „დასაბამზე“ წიგნის მთარგმნელი, ირაკლი ლომოური ისაუბრებს, ხოლო მოდერატორები, თორნიკე ჭუმბურიძე და დათო სამნიაშვილი იქნებიან.
სამეცნიერო ფანტასტიკის „დიდი სამეულიდან“ ერთ-ერთმა, აიზეკ აზიმოვმა, რომელიც რობოტიკის სამი კანონითაც არის ცნობილი, სხვადასხვა კატალოგის მიხედვით 500-ზე მეტი ნაწარმოები შექმნა. მისმა ნაწერებმა წარუშლელი კვალი დატოვა არა მხოლოდ თანამედროვე ლიტერატურაზე, არამედ მეცნიერების სხვადასხვა დარგზეც.
სერია „დასაბამი“ აზიმოვის კოლოსალური შემოქმედების ხერხემალია. ეს წიგნი პირველია სამიდან, რომლებიც თითქმის 30 წლის განმავლობაში „დასაბამის ტრილოგიის“ სახელით იყო ცნობილი. შემდგომში აზიმოვმა სერიას 4 წიგნი შემატა და „დასაბამმა“ ამ სამყაროს ქრონოლოგიაში მესამე ადგილზე გადაინაცვლა.
აიზეკ აზიმოვის „დასაბამით“ „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ ახალ, სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სერიას იწყებს. ამ სერიის ფარგლებში შერჩეულმა ნაწარმოებებმა სხვადასხვა პერიოდში დასაბამი დაუდეს უამრავ დისკუსიასა თუ თეორიას და ყოველი მათგანი დღეს ჟანრის კლასიკადაა მიჩნეული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები