ცისანა ტატიშვილს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ
ცნობილ ქართველ საოპერო მომღერალს ცისანა ტატიშვილს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. იგი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ცისანა ტატიშვილი 38 წელი იყო ზ. ფალიაშვილის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სოლისტი. იგი გამოდიოდა: მოსკოვის დიდი თეატრის, პეტერბურგში მარიას თეატრის, ვილნიუსის, რიგის, კიშინოვის, კიევის, ოდესის, მინსკის, სოფიას, ბუდაპეშტის, ვარშავის, ლისაბონის, ლონდონის, პრაღის, ვენის და სხვა საოპერო თეატრებში.
ცისანა ტატიშვილი, რ. შტრაუსის “სალომეს“ ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელია, რისთვისაც მსოფლიო მუსიკის ენციკლოპედიაში შევიდა, მონსერატ კაბალიესთან და ბირგიტ ნილსონთან ერთად.
ცისანა ტატიშვილის სახელობის ვარსკვლავი თბილისის ოპერის წინ 2010 წელს გაიხსნა. იგი იყო: შოთა რუსთაველისა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი, ღირსების ორდენოსანი, სახალხო არტისტი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, ალბერტ შვაიცერის (გერმანია) საპატიო ორდენის და ოქროს მედლის კავალერი, ჰუმანიტარული აკადემიის აკადემიკოსი, თბილისის საპატიო მოქალაქე.