„არსენალის“ ორგანიზებით, ბერლინში ქართული ფილმების რეტროსპექტივა გაიმართება

ბერლინის კინოსა და ვიდეოხელოვნების ინსტიტუტი „არსენალი“ ოქტომბერში ქართულ კინოს უმასპინძლებს. შეხვედრები „საქართველო-გერმანიის წელი -2017“-ის ფარგლებში გაიმართება.
როგორც „კვირას“ ეროვნულ კინოცენტრში განუცხადეს, საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლის აღსანიშნავად, 1-19 ოქტომბერს ბერლინში ქართული ფილმების რეტროსპექტივა გაიმართება. ფილმების ჩვენება ეროვნული კინოცენტრის და „არსენალის“ ინიციატივითა და ორგანიზებით ტარდება. რეტროსპექტივის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან „არსენალის“ დამფუძნებლებს ერიკა და ულრიხ გრეგორებს ქართულ კინოსთან განსაკუთრებული დამოკიდებულება აკავშირებთ. მათი შეფასებით, ქართული კინოფენომენი მსოფლიოს კინემატოგრაფში გამორჩეულია.
გერმანული „არსენალი“ რუსული „გოსფილმოფონდის“ შემდეგ მსოფლიოში სიდიდით მეორე კინოფონდია, რომელიც ქართულ ფილმებს იცავს. „არსენალის“ არქივში ქართველი რეჟისორების 130 ფილმი ინახება.
„არსენალმა“ 2017 წლის რეტროსპექტივისთვის 3 ქართული ფილმს ჩაუტარა რესტავრაცია და გადაიტანა ციფრულ ფორმატში. ეს ფილმებია:
მერაბ კოკოჩაშვილის „დიდი მწვანე ველი“ (1967);
ლანა ღოღობერიძის „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (1978);
დიტო ცინცაძის „ზღვარზე“ (1993).

სამივე ფილმის პრეზენტაცია ოქტომბერში კინოთეატრ „არსენალში“ რეჟისორებთან ერთად მოხდება. რეტროსპექტივის პროგრამაშია ასევე ოთარ იოსელიანის ბოლო ფილმი CHANT D’HIVER (2015). გერმანული საზოგადოება არაერთ ფილმთან ერთად, ნახავს ნუცა ღოღობერიძის და სალომე ალექსი-მესხიშვილის ნამუშევრებსაც.
2 ოქტომბერს გაიმართება დისკუსია ერიკა და ულრიხ გრეგორების და ხათუნა ხუნდაძის (კინოსტუდია „ქართული ფილმი“) მონაწილეობით, ასევე, სპეციალური მოწვვევით დიკუსიას დაესწრება სიუზან ოქსტობი, (University of California, Berkeley Art Museum and Pacific Film Archive), მოდერაციას პანელს გაუწევს შტეფანი შულტე შტრატჰაუსი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები