კულტურის მინისტრმა სომხეთის ტერიტორიაზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მოინახულა

 20-22 სექტემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ გიორგაძემ დელეგაციის წევრებთან ერთად სომხეთის ტერიტორიაზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მოინახულა.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი შეხვდა სომეხ კოლეგას. შეხვედრის დროს, მხარეებმა ქვეყნებს შორის კულტურის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის მიმართულებით. ასევე შედგა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისა და სომხეთში კოლეგა ინსტიტუციის წარმომადგენლების შეხვედრა, ორ ქვეყანაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის მიმართულებით, კონკრეტული სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებისა და საბოლოოდ შეჯერების მიზნით.
ქართული მხარის ვიზიტი ერევანში სომხეთის დამოუკიდებლობის დღეს დაემთხვა. დელეგაცია ამ დღისადმი მიძღვნილ სხვადასხვა მრავალფეროვან კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებას დაესწრო, მათ შორის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული პროგრამის „კულტურული მემკვიდრეობა ბავშვებს’’ პრეზენტაციას სომხეთში – პროექტი გულისხმობს სხვადასხვა თემატური გაკვეთილების ციკლს, რომლის მიზანიცაა კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია სომეხ მოზარდებს შორის და მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს და სომხეთის კულტურის მინისტრებმა ერევანში დიდი რეჟისორის, სერგო ფარაჯანოვის ნამუშევრის „მტირალა ჯოკონდას” ინსტალაცია გახსნეს. ინსტალაციის ავტორი დიზაინერი არამ ნიკოლიანია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები