გიორგი მარგველაშვილი: სტუდენტებო, არასოდეს არასდროს შეგეშინდეთ, უცნაური და არაორდინალური აზრის გამოთქმის

0

“არასდროს შეგეშინდეთ, იყოთ აბსოლუტურად განსხვავებული ხედვების შემომტანი, არასოდეს შეგეშინდეთ, იყოთ კლიშეების დამრღვევი”, – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებს “სილიკონ ველი თბილისის” გახსნისას.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, სასიხარულოა, რომ საქართველოში იხსნება “სილიკონი ველი”, ეს შესაძლებლობები, ქვეყანას კიდევ უფრო ნათლად და მკაფიოდ წარმოაჩენს მსოფლიოს რუკაზე.
“საქართველო არის პატარა ქვეყანა, რომლის იდენტიფიკაცია მსოფლიო რუკაზე შეიძლება სწორედ გამორჩეული ადამიანების მიღწევებისა და წარმატების ხარჯზე. ამით ვიყავით ცნობილი. მიხარია, რომ კიდევ ერთი შესაძლებლობა გაიხსნა დღეს ამ თვალსაზრისით. ადამიანებში არის ძალიან პატარა პროცენტი ნოვატორების, რომლებიც ანგრევენ კლიშეებს, ანგრევენ ჩვეულებრივის ფარგლებს მიღმა და სრულიად არაორდინალური ხედვით ქმნიან ახალს. ეს ძალიან პატარა პროცენტი ნოვატორებისა, წაწევს წინ კაცობრიობის ცოდნას. ამ ტიპაჟებმა შექმნეს განსხვავებული ხედვების მთელი სპექტრი, რომლის მომსწრეც ვართ დღეს. მინდა, დღეს სტუდენტებს ვუთხრა, რომ არასდროს შეგეშინდეთ იყოთ აბსოლუტურად განსხვავებული ხედვების შემომტანი, არასდროს შეგეშინდეთ, იყოთ კლიშეების დამრღვევი, არასდროს შეგეშინდეთ, უცნაური და არაორდინალური აზრის გამოთქმის. არასდროს შეგეშინდეთ, რომ ვინმე დაგცინებთ ამის გამო”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მეცნიერება და ტექნოლოგიები ადრე არ იძლეოდა არაორდინალური გადაწყვეტილებების შესაძლებლობას.
პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ სტუდენტებს შორის იქნებიან ისეთები, რომლებიც კლიშეებს დაარღვევენ, ახალ ნაბიჯებს გადადგამენ ცივილიზაციისკენ და საქართველოს კიდევ უფრო ნათლად გამოკვეთენ მსოფლიო რუკაზე.

კომენტარები

კომენტარი