უჩა ნანუაშვილი: მშვიდობის მშენებლობა საზოგადოების თითოეული წევრის ჩართულობას და დაუღალავ მცდელობას მოითხოვს

0

საქართველოს სახალხო დამცველი მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სახალხო დამცველის განცხადებით, მშვიდობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, სადაც ჩვენ ადამიანის ღირსების პატივისცემაზე დაფუძნებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ვესწრაფვით, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება ადამიანთა თანასწორობა და სხვადასხვა ეთნიკური, რელიგიური და სოციალური ჯგუფების მშვიდობიანი და ჰარმონიული თანაარსებობა.
”21 სექტემბერი მშვიდობის საერთაშორისო დღეა. ეს დღე ხალხთა შორის მშვიდობის იდეის გაძლიერებას და გავრცელებას ემსახურება. 2017 წლის 21 სექტემბრის თემაა „ყველა ერთად მშვიდობისათვის“. მისი მიზანია მშვიდობის კულტურის გაძლიერების იდეის ირგვლივ საზოგადოების ყველა ჯგუფის წარმომადგენლების გაერთიანება. მშვიდობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, სადაც ჩვენ ადამიანის ღირსების პატივისცემაზე დაფუძნებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ვესწრაფვით, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება ადამიანთა თანასწორობა და სხვადასხვა ეთნიკური, რელიგიური და სოციალური ჯგუფების მშვიდობიანი და ჰარმონიული თანაარსებობა. მშვიდობის მშენებლობა კი საზოგადოების თითოეული წევრის ჩართულობას და დაუღალავ მცდელობას მოითხოვს. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 2014 წლიდან შეისწავლის კონფლიქტით დაზარალებულ პირთა უფლებებს და მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციებს წარუდგენს შესაბამის უწყებებს. სამწლიანმა გამოცდილებამ ნათელი გახადა, რომ მხარეებს შორის თანამშრომლობის დაბალი დონე მთავარ გამოწვევად რჩება, რაც აუარესებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობას.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ისე დე ფაქტო მთავრობებს სოხუმსა და ცხინვალში, შეუერთდნენ დღევანდელ დღეს, გამოხატონ ჰუმანიტარულ საკითხებში თანამშრომლობის რეალური ნება და ოფიციალური მოლაპარაკებების დროს პრიორიტეტი კონფლიქტით დაზარალებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას მიანიჭონ”, – აცხადებს ომბუდსმენი.
მშვიდობის საერთაშორისო დღე პირველად 1982 წელს აღინიშნა, 2001 წელს კი გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 21 სექტემბერი ცეცხლის შეწყვეტის და ძალადობისგან თავის შეკავების დღედ გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი