“Fauna & Flora International (FFI)” საჯარო პირებისთვის ველური ბუნებით უკანონო ვაჭრობის თემაზე ტრენინგს გამართავს

0

“Fauna & Flora International (FFI)” ორგანიზებას გაუწევს ტრენინგს საჯარო პირებისთვის ველური ბუნებით უკანონო ვაჭრობის თემაზე.
ტრენინგის ორგანიზატორები, თვლიან, რომ მსგავსი სახის შეკრება საქართველოსთვის ისტორიული შემთხვევაა. ფინანსთა და გარემოს დაცვის სამინისტროების წარმომადგენლები პირველად მიიღებენ მონაწილეობას აღნიშნულ ღონისძიებაში ერთად. ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტიდან და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან წარმოდგენილი 120 მონაწილე შეიკრიბება თბილისსა და ბათუმში, რათა გაიღრმავონ ცოდნა „გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციაზე“ (CITES), საქართველოში არსებულ რეგულაციებზე.
„ტრენინგი, რომელიც 6-დან 10 მარტის ჩათვლით გაიმართება, ორგანიზებულია FFI-ის მიერ, გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტთან თანამშრომლობით. ტრენინგი დაფინანსებულია FFI_ისა და განვითარების გერმანული სააგენტო GIZ_ის მიერ. ცხოველებითა და მცენარეებით უკანონო ვაჭრობა გლობალური პრობლემაა, რომელსაც გამანადგურებელი გავლენა აქვს ეკოსისტემებზე სამყაროს გარშემო: იმის გამო, რომ მათი სხეულის ნაწილებით ვაჭრობა ძალზედ მომგებიანია, გადაშენების საფრთხის წინაშე დგანან ისეთი ცხოველები, როგორიცაა სპილო და ვეფხვი. ამ ტიპის ვაჭრობას საქართველოშიც აქვს ადგილი. მართალია დათვებს, ჯიხვებს, შევარდნებს და სხვა სახეობებს, რომლებითაც საქართველო ცნობილია, ადგილობრივი კანონმდებლობა იცავს, თუმცა მაინც ხდება მათი უკანონო გაყიდვა. ამ ქმედებების შედეგად, საქართველო კარგავს მისთვის დამახასიათებელ მდიდარ ბიომრავალფეროვნებას და საკულტო სახეობებს. ეს ართულებს ქვეყნისთვის ევროპული ასოციაცირების შეთანხმებით დაკისრებული მოვალეობების შესრულებას და ამავდროულად, ნაკლებად მიმზიდველს ხდის ქვეყანას ტურისტებისთვის. ამგვარად, არსებობს ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკური მიზეზები, ველური ბუნებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლისათვის,”- განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარმა ნიკა პაპოშვილმა „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
Fauna & Flora International მსოფლიოს უძველესი კონსერვაციული ორგანიზაციაა და ამჟამადაც აქტიურად იცავს ბიომრავალფეროვნებას მსოფლიოს 40 ქვეყანაში. ორგანიზაცია ათ წელზე მეტია მუშაობს კავკასიის რეგიონში და წარმომადგენლობითი ოფისი თბილისში მდებარეობს. საქართველოში მუშაობისას FFI-ის ერთ-ერთ ძირითად ინტერესს წარმოადგენს ველური ბუნებით უკანონო ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები.

კომენტარები

კომენტარი