ელექტროშოკური აპარატით უკანონო თევზჭერის მორიგი ფაქტები გამოვლინდა

0

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ელექტროშოკური აპარატით უკანონო თევზჭერის 4 ფაქტი გამოავლინეს.
ხაშურისა და მცხეთის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე, ასევე სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყირთან, მდინარე რიონზე, მოქალაქეები, ე.წ. ელექტროშოკური ზემოქმედების აპარატებით, ნავებიდან ახდენდნენ უკანონო თევზჭერას. მათ, ჯამში, მოპოვებული ჰქონდათ 21 კგ-მდე სხვადასხვა სახეობის თევზი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერასთან ბრძოლა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. დეპარტამენტის თანამშრომლებს, რიგ შემთხვევებში, დაპირისპირება უწევთ კარგად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან, რომლებიც სწრაფმავალი ნავებით, გადამცემებითა და ღამის ხედვის საშუალებებით არიან აღჭურვილნი.
მიმდინარე წელს, 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, უკანონო თევზჭერის 433 ფაქტი გამოვლინდა. აქედან, 175 ფაქტი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ამავე პერიოდში, ამოღებულია 25 ერთეული რეზინის ნავი, მათ შორის 7 ძრავაზე მომუშავე, 45 ერთეული ელექტროშოკური ზემოქმედების აპარატი, 235 სახლართი ბადე და თევზჭერის სხვა აკრძალული იარაღები.

კომენტარები

კომენტარი