ნატო ჩხეიძე: ხელისუფლება ვალდებულია, ხალხის საპროტესტო ხმა გაითვალისწინოს

0

„ჩვენი უახლესი ისტორიის გათვალისწინებით, განა, აღარ უნდა დადგეს დრო, როცა შესაბამისი უწყებები ერთმანეთისგან გაარჩევენ ხულიგნობასა და სოციალურ პროტესტს?“ – ასე გამოეხმაურა დეპუტატი ნატო ჩხეიძე პარლამენტის სხდომაზე 19 სექტემბერს, საღამოს, პარლამენტის წინ მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც სამართალდამცავებმა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებს, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე შიმშილობენ, ბანერის დადგმის უფლება არ მისცეს. „საქართველოს მოქალაქეების კანონიერი უფლებაა პროტესტის გამოხატვა სიტყვით, უსიტყვოდ, წერილობით. ბანერი სწორედ პროტესტის გამოხატვის წერილობითი ფორმაა, რასაც სამართალდამცავები დაუპირისპირდნენ და მხოლოდ აქციის მონაწილეების კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ მისცეს მათ ამის უფლება, რასაც შეეწირა „პატრიოტთა ალიანსის“ აქტივისტის, ბეჟან გუნავას თავისუფლება, რომელიც დააკავეს წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით“, – აღნიშნა დეპუტატმა და იმედი გამოთქვა, რომ გუნავას აბსურდული ბრალდება მოეხსნება. ჩხეიძის თქმითვე, ასეთი მოქმედებები, განსაკუთრებით საარჩევნო პროცესში, ხელისუფლების მხრიდან უხეში ტაქტიკური შეცდომაა. „ხელისუფლება ვალდებულია, მოისმინოს, მოითმინოს და გაითვალისწინოს კიდეც მოქალაქეების კრიტიკული შენიშვნები, ხალხის საპროტესტო ხმა და მოუწოდოს სამართალდამცავებს, რომ კონსტიტუცია ისე უხეშად არ დაარღვიონ, როგორც გუშინ დაარღვიეს და მხოლოდ კანონიერების ჩარჩოში იმოქმედონ,“ – აღნიშნა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ.

კომენტარები

კომენტარი