პეკინზე ველობილიკი დაიხაზა, სადაც 22 სექტემბერს ველორბოლა გაიმართება

0

თბილისის მერი დავით ნარმანია, პეკინის ქუჩაზე ველობილიკის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო. კერძოდ, ბულაჩაურის ქუჩიდან მიროტაძის ქუჩამდე, 1 კმ-იანი, 2,80 მეტრის სიგანის ველობილიკი კეთდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ველობილიკზე ორმხრივი მოძრაობა იქნება შესაძლებელი.
თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახური კი, იქ შესაბამის ნიშნებს განათავსებს. დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისში ასეთი თანამედროვე და მოწესრიგებული ფორმით ველობილიკი პირველად კეთდება. „დღეს იგება ველობილიკი და ამით პრაქტიკულად სრულდება პეკინის გამზირზე მიმდინარე სამუშაოები. მნიშვნელოვანია ის, რომ თბილისში პირველად კეთდება ასეთი ევროპული, თანამედროვე და მოწესრიგებული ფორმით საველოსიპედო ბილიკი. ტროტუარი გაფართოვდა და მაქსიმალური კომფორტი იქნება იმისათვის, რომ როგორც ველოსიპედით მოსიარულეებმა, ასევე ფეხით მოსიარულეებმა თავი იგრძნონ თავისუფლად, თან ეს ყველაფერი კეთდება ისე, რომ უკვე აღდგენილია და თავისუფალია სამანქანო მოძრაობა . უახლოეს დღეებში დაიხაზება, როგორც ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელები, ასევე სამანქანო ნაწილი.
შესაბამისად 21 სექტემბრიდან , როცა ჩვენ საბოლოოდ გავხსნით პეკინის გამზირს დასრულდება ყველა სამუშაო“,-განაცხადა დავით ნარმანიამ. ველობილიკის მოწყობის სამუშაოებზე თბილისის მერთან ერთად, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი იმყოფებოდა. პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესი დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. ამ დროისთვის ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია და მოძრაობა სრულად აღდგენილია. 22 სექტემბერს, პეკინის ქუჩაზე “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ველორბოლას გამართავს. ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, ველორბოლაში მონაწილეობას მიიღებენ ევროკომისიის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, გაერო-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ნილს სკოტი, ესტონეთის, გერმანიის, შვეიცარიის და სხვა საელჩოების წარმომადგენლები, საჯარო პირები, ველომოყვარულები. “საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე” 2000 წელს დაარსდა ევროკომისიის მიერ და აღინიშნება ევროპასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
ამ დღის მიზანია ქალაქის ცენტრალურ უბნებში ნაკლები კერძო ავტომობილის მოძრაობით მოქალაქეები გაუფრთხილდნენ გარემოს, ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ველოსიპედითა და იარონ ფეხით. დღის მთავარი მოწოდებაა – მოქალაქეებმა ერთი დღით თავი შეიკავონ პირადი ავტომობილით სარგებლობისგან, გადაადგილდნენ ფეხით ან გამოიყენონ ალტერნატიული და ჯანსაღი ტრანსპორტი – ველოსიპედი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ან იარონ ფეხით.
თბილისში ველოგარბენი დაიწყება პეკინისა და მიროტაძის ქუჩების კვეთიდან ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით, მრბოლელთა ნაკადი გააგრძელებს სვლას ყაზბეგის გამზირზე და დაასრულებს გარბენს კვლავს პეკინისა და მიროტაძის ქუჩების კვეთაზე. გარბენის დასრულებისას საჯარო პირები სიტყვით მიმართავენ აქციის მონაწილეებს. ველორბოლა პეკინის ქუჩაზე, 22 სექტემბერს, 12:00 საათიდან 13:30 საათამდე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი