ირაკლი მექვაბიშვილი: თუ საჭირო გახდა საკადრო ცვლილებებს განვახორციელებ
“აუდიტის სამსახურის პრიორიტეტი იქნება პრევენციაზე ორიენტირებული საქმიანობა. ეს არ იქნება რამე სადამსჯელო სტრუქტურა, თუმცა თუ ვნახავთ რომ რამე დარღვევაა, მაშინ ამას მყისიერი, მკაცრი რეაგირება და ადეკვატური შეფასებები მოჰყვება”, -ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა, ირაკლი მექვაბიშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანი იქნება აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის გაზრდა. გარდა ამისა, რამდენად იქნება მთავარი აუდიტორი დამოუკიდებელი და სახელმწიფო შტოსგან სრულად მიუკერძოებელი, მექვაბიშვილმა განაცხადა, რომ ის მზად არის ყველა გამოწვევას გაუმკლავდეს. „მნიშვნელოვანი იქნება აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის გაზრდა, რადგან არამარტო ფინანსური და საბუღალტრო აუდიტი არის მნიშვნელოვანი. ამასთან ერთად ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ეფექტურობის აუდიტს, ვინაიდან უნდა ვიცოდეთ რამდენად ეფექტურად, ეკონომიურად იხარჯება სახელმწიფო სახსრები როგორც ცენტრალური ბიუჯეტის, ასევე თვითმმართველი სტრუქტურების დონეზე. პიროვნულად თავიდან ბოლომდე მზად ვარ ნებისმიერ გამოწვევას გავუმკლავდე და აქ ბუნებრივია მაქვს პარლამენტის მხარდაჭერის იმედი. ჩვენ ამას ასევე ოპოზიციურ პარტიებთან კონსტრუქციული მუშაობის შედეგად შევძლებთ“ , – განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა. მექვაბიშვილმა აუდიტის სამსახურში საკადრო ცვლილებებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ თუ საჭირო იქნება ცვლილებებს განახორციელებს, მას ამის უფლებას კანონი აძლევს. „ვიცი, რომ აუდიტის სამსახურში კვალიფიციური კადრები მუშაობენ. ყველა კომპეტენტური ადამიანი დარჩება სამსახურში. მე როგორც გენერალური აუდიტორი ვიზრუნებ თითოეული თანამშრომლის შემდგომი კვალიფიკაციის ამაღლებაზე. რაც შეეხება ცვლილებებს, ეს არის ბუნებრივი პროცესი. თუ საჭირო გახდა რომ სტრუქტურა გაუმჯობესდეს და თვისობრივად გადახალისდეს, მე ამ ცვლილებებს განვახორციელებ. მითუმეტეს, ამის შესაძლებლობას კანონი მაძლევს. გენერალურ აუდიტორს აქვს უფლება მიიღოს ნებისმიერი საკადრო ცვლილება, მათ შორის მოადგილეებთანაც დაკავშირებით“ , – განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელად ირაკლი მექვაბიშვილი დაამტკიცა.