ვანო ზარდიაშვილი: გიგაურსა და გვარამიას გამორჩათ, რომ ნაყოფია პარლამენტში არავის გვინახავს და მისი ბიზნესს ინტერესების შესახებ ვიცით
„გიგაურსა და გვარამიას გამორჩათ, რომ ნაყოფია პარლამენტში არავის გვინახავს და მისი ბიზნესს ინტერესების შესახებ ვიცით“, – ამ სიტყვებით ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი დეპუტატების ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევას, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა. როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ზარდიაშვილმა განაცხადა, ორგანიზაციის მხრიდან ადგილი აქვს ან არაკომპეტენტურობას, ან მიზანმიმართულ ტყუილს.
„კაპიტანი გიგაური მტკიცებით ფორმაში ამბობდა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრები სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან და ამით კანონს არღვევენ.
სიგნალები იყო, რომ ყველა საპარლამენტო ძალა ცუდია, „ნაციონალური მოძაობის“ გარდა. „ევროპული საქართველოსა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ დაცვას არ შევუდგები, მაგრამ გიგაურსა და გვარამიას გამორჩათ, რომ ნაყოფია პარლამენტში არავის გვინახავს და მისი ბიზნესს ინტერესების შესახებ ვიცით, თუმცა ისინი დაჟინებით ფორმაში ამტკიცებდნენ, რომ თურმე, დიმიტრი ხუნდაძეს ბიზნეს საქმიანობა აქვს. საუბარია წინა საუკუნეში 30 კვადრატში დარეგისტრირებულ კვების ობიექტზე, რომელიც დიდი ხანია, დახურულია“, – აღნიშნა ზარდიაშვილმა. დეპუტატი კვლევის იმ ნაწილსაც გამოეხმაურა, სადაც საუბარი იყო ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის არასამეწარმეო საქმიანობაზე.
„თურმე, მამუკა მდინარაძე 2005 წელს საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა და თურმე, ესეც ახალი აღმოჩენა ყოფილა. ეს ცალსახა ცილისწამებაა, რომელსაც გიგაური პროკურორ გვარამიასთან ერთად ეწევა. ეს არის არაკომპეტენტურობა, ან მიზანმიმართული ტყუილი. არაკომპეტენტურობას ამტკიცებს ის ფაქტი, რომ თუ რეალურად სურვილი ჰქონდათ ინფორმაცია მოეძიებინათ, ისინი საგადასახადო სისტემებში მიმართულ წერილებს აუცილებლად ნახავდნენ, სადაც დეპუტატებმა უფლებამოსილების შეჩერება მოითხოვეს. ქალბატონ ეკას მოვუწოდებ, თუ არ უნდათ, მათ მუდმივად არაკომპეტენტურობის სახელით და მატყუარების იმიჯით იარონ, ამ ფაქტების დადგენაში ჩვენც მივეხმარებით, ოღონდ, ჩამოთვლილი ერთ-ერთი დეპუტატის საქმიანობა მაინც დაამტკიცონ, რომ ისინი სამეწარმეო საქმეს ეწევიან და დეპუტატის უფლებამოსილებას არღვევენ“, – განაცხადა ზარდიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ორგანიზაციამ კვლევა გუშინ გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ დეპუტატები სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან და არადეკლარირებული აქტივები აქვთ.