ირაკლი კობახიძე თინა ბოკუჩავას პოლიტიკური ეთიკის და უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვისკენ მოუწოდებს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დეპუტატ თინა ბოკუჩავას კახი კალაძესთან მიმართებაში უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში ადანაშაულებს.
კობახიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განცხადებას „გაზპრომ ექსპორტთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის შექმნის თაობაზე დადგენილების პროექტის განხილვის თაობაზე გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, როდესაც აღნიშნულ ხელშეკრულებაზე გარკვეულ მოსაზრებებს ისმენდნენ კონკრეტული არაფერი თქმულა მასში. მისივე თქმით, მმართველი გუნდი დებატებს არ გაურბის და როგორც კი საშუალება იქნება დადგენილების პროექტს განიხილავენ.
„რაც შეეხება დებატების გამართვას „გაზპრომთან“ დაკავშირებით, ამას, ბუნებრივია, არავინ გაურბის. უფრო მეტიც, ჩვენ გვქონდა ცოტა ხნის წინ დებატები „გაზპრომთან“ დაკავშირებით, როდესაც ინიცირებული იყო დადგენილების პროექტი ასევე საპარლამენტო ოპოზიციის მიერ. მაშინ ჩვენ მოვისმინეთ გარკვეული მოსაზრებები, ეჭვები, ბრალდებები ამ ხელშეკრულებასთან , თუმცა მე შემიძლია ვთქვა, რომ არაფერი კონკრეტული იმ დებატებში ჩვენ არ მოგვისმენია.
რაც შეეხება ამ საკითხს, აუცილებლად იქნება განხილული. თქვენ რამდენჯერმე გქონდათ საშუალება, გამოგეტანათ ეს საკითხი პლენარულ სხდომაზე, მაგრამ ფრაქციის თავმჯდომარემ უარი თქვა ამ საკითხის გამოტანაზე. დებატებს არ გავურბივართ, როგორც კი გვექნება საშუალება, განვიხილავთ დადგენილების პროექტს“, – განაცხადა კობახიძემ. მისივე თქმით, პოლიტიკურ შეფასებებს არ გააკეთებს, თუმცა თინა ბოკუჩავას განცხადებაში რამდენჯერმე დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი. „დეპუტატებს არ გვეკისრება პასუხისმგებლობა იმ განცხადებებისთვის, რომელსაც ვაკეთებთ პლენარულ სხდომებზე, თუმცა პოლიტიკური ეთიკის დაცვა გვმართებს და უდანაშაულობის პრეზუმფცია არის ის პრინციპი, რომელიც ჩვენ ჩვენს განცხადებებში აუცილებლად ძალიან მკაცრად უნდა დავიცვათ“, – დასძინა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „გაზპრომ ექსპორტთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის შექმნას კიდევ ერთხელ მოითხოვს. როგორც ბოკუჩავამ განაცხადა, არსებობს უამრავი კითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ კახი კალაძემ პირადად იხეირა ამ მოღალატეობრივი ხელშეკრულების გაფორმებით; ასევე, თბილისის მერობის კანდიდატი გამოირჩევა თავისი უნარებით კორუფციულ გარიგებებში და ძალადობრივი აქტების მოწყობაში, როგორც ეს კორცხელის შემთხვევაში იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები