“პრეზიდენტისა და ოპოზიციის მიერ მომზადებული დოკუმენტი პიარკამპანიაა იმ კონსტიტუციის წინააღმდეგ, რომელმაც პროგრესი უნდა უზრუნველყოს”
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გიორგი მარგველაშვილისა და ოპოზიციის მიერ მომზადებული ალტერნატიული დოკუმენტი პიარკამპანიაა იმ კონსტიტუციის წინააღმდეგ, რომელმაც პროგრესი და ქვეყნის დემოკრატიული განვითარება უნდა უზრუნველყოს. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მას ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებსა და ქმედებებზე სერიოზული კომენტარის გაკეთება უჭირს. „ამას კონსტიტუციის შინაარსთან და იმასთან არაფერი საერთო აქვს, კონსტიტუციის კონკრეტული ნორმა მომავალში როგორ იმოქმედებს.
რეალურად, ეს პიარკამპანიაა იმ კონსტიტუციის წინააღმდეგ, რომელმაც პროგრესი და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება უნდა უზრუნველყოს“, – აღნიშნავს მდინარაძე. დეპუტატის თქმით, საქართველოს ახალი კონსტიტუციის მიღებისთვის დარჩენილია მესამე მოსმენის რეჟიმი, სადაც მხოლოდ რედაქციული სახის შენიშვნების გამოთქმის საშუალება იქნება.
„კონსენსუსის შემთხვევაში, საუბარი იყო გარკვეულ დათქმებსა და იურიდიულ მექანიზმებზე. ისიც ვიცით, რომ ორი-სამი თვის განმავლობაში პასუხის გაუცემლობით, რაც ჩვენმა ოპონენტებმა უზრუნველყვეს ისაა, რომ კონსენსუსი არ შემდგარიყო.
აქედან გამომდინარე, ჩვენს დაპირებას, რომ კონსტიტუცია შეიცვლებოდა და ბუნებრივია, დადებითად შეიცვლებოდა, აუცილებლად შევასრულებთ“, – დასძინა მდინარაძემ. შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილი და ოპოზიცია მმართველ გუნდს შეთანხმებას ხუთ საკითხზე სთავაზობს, მათ შორის საარჩევნო ბარიერის დაწევაზე, პროპორციული სისტემის ამოქმედებაზე, პრეზიდენტის არჩევის წესსა და პარლამენტის როლის გაძლიერებაზე.