“მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მატჩში მონაწილეობით, ჩვენი პარტია არანაირ პოლიტიკურ აგიტაციას არ ეწევა”
„არ ხდება სახელმწიფო ბიუჯეტის გამოყენება და კახი კალაძე ამ მატჩში მონაწილეობით არ აპირებს საარჩევნო კამპანიის გაკეთებას“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მატჩში „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახი კალაძის მონაწილეობასთან დაკავშირებით გამოთქმული პრეტენზიების შესახებ კომენტირებისას აღნიშნა. მისივე თქმით, ამ საკითხზე ოპოზიციური პარტიების უკმაყოფილება, მმართველი გუნდის საარჩევნო კამპანიის მიმართ დამოკიდებულებაა. „ბიუჯეტის თანხები, რომელიც ფედერაციას ერიცხება არ იხარჯება და ჩვენი კანდიდატი კახი კალაძე და ჩვენი პარტია ამ მატჩში მონაწილეობით არანაირ პოლიტიკურ აგიტაციას ან წინასაარჩევნო პროპაგანდას არ ეწევა. შესაბამისად, ერთადერთი კომენტარის გაკეთება შემიძლია – ეს უკმაყოფილება, რომელიც საქველმოქმედო მატჩთან დაკავშირებით გამოითქვა, არის ოპოზიციური პარტიების უკმაყოფილება და მათი ჩვენი საარჩევნო კამპანიისადმი დამოკიდებულება” , – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოწვევით, 29 სექტემბერს თბილისს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ესტუმრებიან. მათ შორის: ფრანჩესკო ტოტი, კარლეს პუიოლი, რივალდო, დიდა, ანდრეი შევჩენკო, ხავიერ ძანეტი, ზვონიმირ ბობანი, სერჟინიო, პაოლო მალდინი, ლუკა ტონი, ერნან კრესპო, ვინსენტ კანდელა, მარეკ იანკულოვსკი, ალესანდრო კოსტაკურტა, დემეტრიო ალბერტინი, დინო ბაჯო, მასიმო ამბროზინი, მასიმო ოდო, მარკო დელვეკიო, სებასტიან ფრეი, ანჯელო დი ლივიო, ენრიკო ანონი, კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი, ჯუზეპე ფავალი, მაურო ტასოტი, ანჯელო კარბონე, ივან კორდობა, დარიო შიმიჩი, იბრაჰიმ ბა და პიეტრო ვერხოვოდი ესტუმრებიან. საქველმოქმედო მატჩიდან შემოსული თანხა, მიმდინარე წლის ზაფხულში ხანძრის შედეგად დაზარალებული ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება.