ჯავახეთის და ტბა არპის დაცულ ტერიტორიებს შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა შედგა
ჯავახეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრს სომხეთის გარემოს დაცვის მინისტრი არტსვიკ მინასიანი სტუმრობდა. ჯავახეთის და ტბა არპის დაცულ ტერიტორიებს შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის პრეზენტაცია გაიმართა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გრიგალავამ ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. ორივე დაცულ ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვნების ტრანსსასაზღვრო მონიტორინგი ჩატარდება; ასევე დაცულ ტერიტორიებზე მოხდება ტრანსსასაზღვრო ტურიზმის ხელშეწყობა. შემუშავდება ერთიანი რეგიონალური სტანდარტი, ტურისტული მარშრუტი და ტურისტული პროდუქტი. ჯავახეთის ეროვნულ პარკში ტრანსსასაზღვრო ველო-რბოლაც გაიმართა, რომელმაც სტარტი მადათაფას ტბაზე აიღო და სომხეთში არპის დაცულ ტერიტორიებზე დასრულდა. ღონისძიება ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნოს- TJS -ის მესამე ფაზის ფარგლებში გაიმართა. პროექტი ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის წარმომადგენლობის მიერ ხორციელდება, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით. ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ექსპერტები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.