არჩილ თალაკვაძე: იმ პარტიებიდან არაერთმა, რომელიც კონსენსუსისკენ მოგვიწოდებს, 2010 წელს არადემოკრატიულ კონსტიტუციურ ცვლილებებს დაუჭირა მხარი
“იმ პოლიტიკური პარტიებიდან არაერთმა, რომელიც დღეს ჩვენ კონსენსუსისკენ მოგვიწოდებს, 2010 წელს სრულიად არადემოკრატიულ კონსტიტუციურ ცვლილებებს დაუჭირა მხარი”, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, მმართველი გუნდი პირველ ადგილზე კარგი კონსტიტუციის მიღებას აყენებს, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ გრძელვადიან განვითარებას უზრუნველყოფს. “2010 წელს ძალიან ცუდ საკონსტიტუციო ცვლილებებს ფართო კონსენსუსი ჰქონდა. შესაბამისად, ჩვენ სწორი გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული, როცა პირველ ადგილზე კარგი კონსტიტუციის მიღებას ვაყენებთ, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ გრძელვადიან განვითარებას უზრუნველყოფს. მხოლოდ ამის შემდეგ არის კონსენსუსი მნიშვნელოვანი.
ჩვენ მივესალმებით, თუ ამ პრინციპებს ოპოზიციური პარტიებისგან მხარდაჭერა ექნება”, – განაცხადა თალაკვაძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებაში ხუთ საკითხზე შეთანხმდნენ. შეთანხმება ეხება, როგორც პროპორციულ საარჩევნო სისტემასა და პრეზიდენტის არჩევის წესს, ასევე საარჩევნო ბარიერის დაწევას და საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებას.