ნიკა მესხი: “აზიური ფაროსანას” წინააღმდეგ 100 000 ჰექტარი ფართობია დამუშავებული
სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკა მესხი “აზიურ ფაროსანას” წინააღმდეგ საბრძოლველად მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს. საქართველოში პირველად 2015 წელს დაფიქსირდა. მავნებელმა 2016 წელს თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია და გარკვეულწილად სიმინდიც დააზიანა. გარდა ამ კულტურებისა, „ფაროსანა” აზიანებს ხეხილოვან, კენკროვან და ბოსტნეულ კულტურებს, განსაკუთრებით ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას და მზესუმზირას.
მავნებლის ძლიერი გავრცელების დროს მოსავლის დანაკარგებმა შესაძლოა 70%-ს მიაღწიოს. მოსახლეობას დაურიგდა პრეპარატი, რომელიც მავნებლის წინააღმდეგ გამოიყენება. “ამ ეტაპისთვის პრეპარატი დარიგებულია გურიასა და სამეგრელოში. ჩვენს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად მავნებლის მიერ მიყენებულმა ზარალმა იკლო. მავნებლის წინააღმდეგ გამოიყენება საქართველოში რეგისტრირებული სინთეზური პირეტროიდებისა და ნეონიკოტინოიდების ჯგუფის ინსექტიციდები. საერთაშორისო სამეცნიერო კვლევების მიხედვით და ამერიკელი მეცნიერების გამოცდილებით, „აზიური ფაროსანას” წინააღმდეგ ყველაზე ეფექტიანია პირეტროიდული ჯგუფის ბიფენტრინის შემცველი პრეპარატები, რომელებიც საქართველოს ბაზარზე ხელმისაწვდომია”, – განაცხადა ნიკა მესხმა “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე ინფორმაციით, ტარდება მონიტორინგი და დღეის მონაცემებით არ არის გავრცელებული აღმოსავლეთ საქართველოში. “ღონისძიებები, რასაც ვატარებთ არის დროული, ეს მავნებელი გამოირჩევა სწრაფი გამრავლების უნარით.ეს ღონისძიებები მიმართილია იქით, რომ მავნებლის მიერ მიყენებული ზარალი შემცირდეს. ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ისინი იწყებენ მიგრაციას საცხოვრებელი სახლებისკენ და გაზაფხულზე იწყებენ ხელახალ გამოსვლას,”- განაცხადა ნიკა მესხმა.