“პრეზიდენტი საკონსტიტუციო რეფორმით მაშინ დაინტერესდა, როდესაც პროცესი თითქმის დასრულებულია”

“პრეზიდენტი საკონსტიტუციო რეფორმით მაშინ დაინტერესდა, როდესაც პროცესი თითქმის დასრულებულია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც საკონსტიტუციო რეფორმებში აქტიურად არის ჩართული და დაინტერესებული. ,,პრეზიდენტს შევთავაზეთ საკონსტიტუციო კომისიაში ჩართვა. თავიდან, სამწუხაროდ, მან უარი განაცხადა ამ პროცესის მონაწილე ყოფილიყო.
როდესაც პროცესი უკვე ბოლოში არის მისული, ის საკონსტიტუციო ცვლილებებით ახლა დაინტერესდა. მას სურს, რომ ჩართული იყოს ამ პროცესში. რა თქმა უნდა, ჩვენ მადლობას ვუხდით არასამთავრობო ორგანიზაციებს, ოპოზიციურ პარტიებს, ექსპერტებს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ ასე აქტიურად არიან ჩართულები და დაინტერესებულები საკონსტიტუციო ცვლილებით”,- აღნიშნა თალაკვაძემ. მისივე თქმით, იმ პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც მმართველ გუნდს კონსენსუსისკენ მოუწოდებენ, 2010 წელს მხარი დაუჭირეს სრულიად არადემოკრატიულ ცვლილებებს საქართველოს კონსტიტუციაში, რომელიც მხოლოდ ერთი ადამიანის ხელისუფლებაში დასატოვებლად იყო ინიცირებული. ,,ჩვენი მთავარი მიზანი კარგი კონსტიტუციის მიღებაა.
გვაქვს სწორი გადაწყვეტილება მიღებული, როდესაც პირველ ადგილზე კარგ კონსტიტუციას ვაყენებთ, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს. მხოლოდ ამის შემდეგ არის კონსენსუსი მნიშვნელოვანი. ჩვენ მივესალმებით, თუ ოპოზიციურ პარტიების მხრიდან ამ პრინციპებში მესამე მოსმენამდე გვექნება მხარდაჭერა. თუმცა პასუხისმგებლობა არის ჩვენზე, ოპოზიციის ფუნქცია და როლი არის კრიტიკა, ჩვენი ფუნქცია და როლი საზოგადოების წინაშე აღებული პასუხისმგებლობის შესრულებაა”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები