თამარ ჩუგოშვილი: ჩვენი სამომავლო გეგმა პარლამენტის შემდგომი გაძლიერებაა
ჩვენი სამომავლო გეგმა პარლამენტის შემდგომი გაძლიერება, კანონშემოქმედებითი პროცესის ხარისხის ამაღლება და ჩვენი საზედამხედველო ფუნქციის უკეთ განხორციელებაა, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე.
მისი თქმით, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების შემდგომი ეტაპი, საქართველოს პოლიტიკაში პარლამენტის როლის გაძლიერებას მოითხოვს, რასაც კონსტიტუციური ცვლილებები ითვალისწინებს. თამარ ჩუგოშვილმა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე, მათ შორის პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტებზე, შრომის და უმცირესობათა უფლებების დაცვაზე და მედიის დამოუკიდებლობის საკითხებზე.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, ყველა საერთაშორისო და ყველაზე უფრო სანდო შეფასებების მიხედვით, საქართველო მსოფლიოში იმ ძალიან ცოტა ქვეყნებს შორისაა, სადაც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება. პრესის თავისუფლების საკითხზე საუბრისას, თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მსოფლიოში იმ ცხრა ქვეყნას შორისაა, სადაც პრესის თავისუფლების მიმართულებით მდგომარეობა გაუმჯობესდა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ისაუბრა საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტის გაძლიერების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე. მისი თქმით მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის ოფისი სახელმწიფო ინსტიტუტია, ის დამოუკიდებელია და პარლამეტი ძალიან დიდი პატივისცემით ეპყრობა ომბუდსმენის მოსაზრებებს.
„ჩვენ ძალიან დეტალური მექანიზმი გვაქვს იმისთვის, რომ მოვუსმინოთ მისი მოსაზრებები. ომბუდსმენის გამოსვლა ღია ფორმატში მიმდინარეობს და ყოველთვის ვრეაგირებთ მის კრიტიკაზე ჩვენი რეზოლუციებით. ეს ძალიან ახალია საქართველოსთვის, რამეთუ, ადრე ომბუდსმენის კრიტიკა და თხოვნები რჩებოდა ყოველგვარი ყურადღების გარეშე. ეს გახლავთ ალბათ, ერთ -ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რისი გაკეთებაც პარლამენტმა შეძლო აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ზედამხედველობის და ადამიანის უფლებების დარღვევის კონკრეტულ დარღვევებზე რეაგირების თვალსაზრისით”,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2013 წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტი შეიქმნა. „2013 წლიდან დაწყებული დღემდე, შეიქმნა ძალიან ძლიერი და მყარი ინსტიტუცია, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსტიტუტებს შორის”,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
სასამართლო სისტემის რეფორმაზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა საქართველოში, რადგან კანონის უზენაესობა და სასამართლო სისტემა უმთავრესია დემოკრატიის პროცესის განვითარებისთვის და ადამიანის უფლებების დასაცავად. მისი თქმით, საქართველომ კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით 32 ადგილით წინ წაიწია, რაც ძალიან დიდი პროგრესია.
„ჩვენ განვახორციელეთ რეფორმების სამი ძალიან მნიშვნელოვანი ტალღა, მოხდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპოლიტიზირება და ძალიან გაიზარდა სასამართლო სისტემის გამჭვირვალეობა. 2013 წლამდე არსებული მდგომარეობისგან განსხვავებით, მედიას სასამართლო სხდომებზე აქვს წვდომა და საზოგადოებას აქვს ყველანაირი შესაძლებლობა თვალყური ადევნოს მისთვის საინტერესო საქმეებს. ეს, რა თქმა უნდა, გახლავთ ჩვენი შემდგომი განვითარების წინაპირობა. გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია, მაგრამ ეს არის ყველაზე ხანგრძლივი და რთული რეფორმა და საქართველოს წინსვლა აშკარად ჩანს ადგილობრივი და საერთაშორისო მონიტორების შეფასებებში”,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, კონსტიტუციური რეფორმის შედეგად, პროკურატურა დამოუკიდებელ ინსტიტუტად ჩამოყალიბდება და ის აღარ იქნება აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი, რაც მას განვითარების ახალ საფეხურზე აიყვანს. თამარ ჩუგოშვილმა ისაუბრა 2014 წელს, საქართველოში დამტკიცებულ ადამიანის უფლებათა დაცვის პირველ ეროვნულ სტრატეგიაზე და სტრატეგიის საფუძველზე შექმნილ მთავრობის სამუშაო გეგმაზე.
„ამ დოკუმენტმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა იმ პოზიტიური შედეგების დადგომაში, რომელიც დღეს გვაქვს”,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ. თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საერთაშორისო შემფასებლების დასკვნის მიხედვით, საქართველოში ძალიან გაიზარდა გამოხატვის თავისუფლება. მისივე თქმით, საარჩევნო სფეროში განხორციელებული რეფორმების შედეგად გაიზარდა ხმის მიცემის უფლების განხორციელების ხარისხიც.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საკითხები რამდენიმე წლის წინ ძალიან დიდი პრობლემა იყო. ახლა კი, მდგომარეობა რადიკალურად შეცვლილია და მსგავსი ფაქტების არსებობის შემთხვევაში რეაგირება ძალიან მწვავეა. თამარ ჩუგოშვილმა ისაუბრა ასევე, 2014 წელს მიღებულ ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობაზე და აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა იმისათვის, რომ გაუმჯობესდე ამ კანონის ტექნიკური ასპექტები, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს მოქალაქეების დაცვას ნებისმიერ სახის დისკრიმინაციისაგან.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წარმომადგენლებს საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის „მინდა მადლობა გადავუხადო ევროპის კავშირს, რომელიც ძალიან დაგვეხმარა. ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ. თქვენი ნებისმიერი დახმარება არის ჩვენს ქვეყნაში გარდაქმნის ძალიან დიდი ხელშემწყობი და ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ისეთი ქვეყანა, რომელიც თქვენი კარგი პარტნიორი იქნება. ჩვენ ერთგული ვრჩებით ჩვენი მიზნების და ამოცანების”,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა, კომიტეტი მე-5 შეხვედრის ფარგლებში, პარლამენტის თბილისის სასახლეში ჩატარდა.