„მითი, თითქოს საქართველოში ვერასდროს განსხვავებული შეხედულებების ადამიანები ვერაფერზე თანხმდებიან, დამსხვრეულია“

ოცმა პოლიტიკურმა პარტიამ შეძლო კონსენსუსის მიღწევა საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადებულ პროექტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, – შესაბამისი განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„დღეს შედგა კონსენსუსი ფაქტობრივად ყველა, 20 პოლიტიკურ პარტიას შორის, იმ საკითხებთან დაკავშირებით რასაც ჰქვია “ქართული ოცნების” მიერ წარმოდგენილი კონსტიტუციის პროექტში შესატანი ცვლილებები ნუსხა. მინდა მადლობა ვუთხრა ამ პოლიტიკურ პარტიებს ინტენსიური მუშაობისთვის და განსაკუთრებით იმ სულისკვეთებისთვის, რომლითაც განხორციელდა ეს სამუშაო, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ გაიაზრა ერთი პრინციპული და მნიშვნელოვანი აუცილებლობა, რათა ჩვენ მივიდეთ თანხმობამდე, ჩვენ ყველამ რაღაც უნდა დავთმოთ. აქედან გამომდინარე,  დავიწყეთ მუშაობა “ქართული ოცნების” მიერ შემუშავებულ კონსტიტუციის პროექტზე და ვთქვით, რომ ამ პროექტში შევიტან ცვლილებებს, რომელსაც ყველა პოლიტიკური პარტია უჭერს მხარს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
როგორც პრეზიდენტმა განმარტა, გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს ღირებულებები, რომლებიც ყველას უნდა აერთიანებდეს, შედგა კონსენსუსი ძირითად თემებზე.
„ეს არის საარჩევნო სისტემები, როგორც პარლამენტის, ისე პრეზიდენტის არჩევის წესი. ასევე შევთანხმდით სასამართლო სისტემის რეფორმირების საკითხებზე, საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებაზე. შევთანხმდით უსაფრთხოების საკითხებზე და უშიშროების საბჭოს თემაზე. ამ საკითხების ირგვლივ მოხდა შეთანხმება, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ რაღაცა დათმო, მაგრამ შედგა მთავარი თანხმობა. ახლა ეს დოკუმენტი გაეგზავნება “ქართულ ოცნებას”, ვენეციის კომისიას იმ იმედით და იმ განცდით, რომ როგორც საზოგადოებამ, როგორც პოლიტიკურმა კულტურამ, ჩვენ უნდა შევძლოთ მისვლა საერთომდე. ის მითი, თითქოს საქართველოში ვერასდროს განსხვავებული შეხედულებების ადამიანები ვერაფერზე თანხმდებიან, დამსხვრეულია. იმედია, ეს დოკუმენტი უბიძგებს საპარლამენტო უმრავლესობას, რომ გადახედოს თავის უკომპრომისო პოზიციას”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები